მთავარი,სიახლეები

ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

05.08.2022 • 5788
ქაოსი გონიო-კვარიათის პლაჟზე და უპასუხო კითხვები

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კომერციული საქმიანობისთვის საიჯარო გადასახადს 99-დან მხოლოდ 17 პირი გადაიხდის. უმრავლესობას კი, რომლებიც კომერციულ საქმიანობას, ზოგ შემთხვევაში უფრო დიდ ტერიტორიაზე აწარმოებენ, ამის ვალდებულება არც აქვთ. პლაჟი სრულად ათვისებულია, თუმცა მეწარმეების უმრავლესობას წელს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუფორმებია, მათ არც აუქციონებში მიიღეს მონაწილეობა.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც eauction.ge-ზე იძებნება, მართალია დაგვიანებით, თუმცა, წელს მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გონიო-კვარიათის სანაპიროზე 99 სხვადასხვა ზომის ნაკვეთი გაიტანა. შესაბამისად, „ბათუმელები“ გასული კვირის განმავლობაში არკვევდა, ვის აძლევს ბათუმის მერია უფლებას ყველაზე კომერციული ადგილებით ისარგებლოს, ვინ გადაიხდის გადასახადს და ვინ არ გადაიხდის? რატომ არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა იმ კომპანიებმა, რომლებიც სანაპიროზე უკვე ფლობენ კაფე-ბარებს ან კიდევ სხვა საქმიანობას ეწევიან?

აღსანიშნავია, რომ პლაჟებზე განთავსებული ინფრასტრუქტურა ესკიზის დონეზეც არ არის მერიასთან შეთანხმებული. საკუთარ კომერციულ ფართობს ყველა მეწარმე აქ ისე აწყობს, როგორც მას მოსწონს, ან შეუძლია. შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბათუმის სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელ ნაწილში საპლაჟო ინფრასტრუქტურას მოაწყობენ.

  • რა ხდება გონიოს პლაჟზე

მერიაში გვითხრეს, რომ პირველი აუქციონის შემდეგ 15 ხელშეკრულება გააფორმეს. განმეორებით აუქციონზე კი, რომელიც – 28 ივლისს დასრულდა, მერიას აუქციონზე ჯამში 7 500 კვ.მეტრამდე ფართობი ჰქონდა გატანილი, მხოლოდ ორი აუქციონი შედგა – გასხვისდა 102 კვ.მეტრი.

 

კვარიათი

კვარიათი

გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში დასაქმებულების უმრავლესობა აუქციონთან დაკავშირებულ პრობლემებზე მედიასთან საუბრობს, თუმცა თითქმის ყველა მათგან ითხოვს, რომ ვინაობა არ დავასახელოთ.

სოფო ნამგალაძე კი იმათ შორისაა, ვინც აუქციონთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ თავისი შეხედულება ღიად გაუზიარა. „ვერ გავწვდებოდით, მთელი ივნისი წვიმდა და აუქციონში მონაწილეობა ვეღარ გავრისკეთ. ძალიან ცუდი სეზონია, ნორმალური შეზლონგი 150 ლარამდე ღირს, ხალხმა მათი ფასიც ვერ დაფარა. ბევრს სესხით გვაქვს ნაყიდი“, – ამბობს სოფიო ნამგალაძე.

სანაპიროზე დასაქმებულები ამბობენ, რომ აუქციონებში ძირითადად იმ პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც აქ კაფეები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა აქვთ, მართავენ კონცერტებს, ჰყავთ ბევრი მომხმარებელი და გადახდა არ უჭირთ. შეზლონგებისა და ქოლგების გამქირავებლებისთვის საქმე გაცილებით რთულადაა.

ტუალეტი პლაჟზე

კაფეების მეპატრონეები კი მიიჩნევენ, რომ მერიამ გარკვეული ნაკვეთები გრძელვადიანი იჯარებითაც უნდა გაასხვისოს. ამ შემთხვევაში ისინი მზად არიან აიღონ ვალდებულებები და პლაჟი მოაწესრიგონ მერიის მიერ მითითებული სტანდარტის შესაბამისად. თუმცა მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟის მოსაწესრიგებლად ერთიანი სტანდარტის შემუშავება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

„ხომ ხედავთ ამ კონსტრუქციას – მასალის შეძენა, შემდეგ მისი გამართვა, გადახურვა, საკმაოდ ძვირი მიჯდება, სეზონის ბოლოს ეს უნდა დაშალოთო. მე უნდა დავშალო, სხვამ არა. რატომ? – თუ მომცემენ უფლებას, რომ შევინარჩუნო, დავაკმაყოფილებ მოთხოვნებს, რაც მერიას ექნება, შესაბამისად მოვაწყობ და მოვუვლი. ისიც ხომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ ადამიანები უნდა დავასაქმო, სამი მიმტანი დამჭირდება, მზარეული, მისი დამხმარე. მუსიკოსებისთვის კუთხეს ვაწყობ. ეს თუ დავშალე, მომავალ წელს იგივე თანხა უნდა დავხარჯო, ასე გამოდის“, – ამბობს ერთ-ერთი კაფეს მესაკუთრე.

პლაჟის კონკრეტული მონაკვეთების მესაკუთრეები ბოლო წლებში ძირითადად არ იცვლებიან. შესაბამისად, მათ აქვთ განცდა, რომ მომავალ სეზონზეც იგივე ადგილზე იმუშავებენ. ამიტომაც ისინი, ვისაც დააშლევინეს, მიიჩნევენ, რომ კონსტრუქციის დაშლის მოთხოვნა მერიის მხრიდან, თანაც ისე, რომ ზოგი მათ შენარჩუნებას მაინც ახერხებს, უსამართლოა.

  • რატომ ვერ ახერხებს მერია ერთიანი სტანდარტის შეთავაზებას და საერთოდ, პრობლემის მოგვარების რა ხედვა აქვს?
  • რატომ მოხდა, რომ რამდენიმე მესაკუთრეს კონსტრუქცია დააშლევინეს, რამდენიმე მესაკუთრემ კი, შეინარჩუნა? – ამ კითხვებზე მერიისგან პასუხები ვერ მივიღეთ: „მოგვწერთ და გიპასუხებთო“.

4 აგვისტო. გონიო-კვარიათის პლაჟი. პლაჟზე ერთი შეზლონგის დაქირავება 5 ლარი, ქოლგის დაქირავება კი 3 ლარი ღირს.

გონიო-კვარიათის პლაჟი, 4 აგვისტო

სოფიო ნამგალაძე „ბათუმელებთან “ იმ პერიოდს იხსენებს, როცა მერიამ ერთ შეზლონგზე 5 ლარი გადაახდევინა სეზონურად: „2 წლის წინ იყო თუ სწორად მახსოვს, ჩამოიარეს მერიის წარმომადგენლებმა და  გადავიხადეთ. ქვითარი რომ ამოგვიწერეს, ახლაც მაქვს. თუ დაგვიწესებენ ამ გადასახადს, გადავიხდით. მთავრობას ვერავინ გაექცევა, მე მივესალმები ერთიანი წესის შემოღებას და კანონიერებას, უკანონო საქმე არ მიყვარს. უნდა დარეგულირდეს.“

  •  „მერია კვარიათში ყველგან ვერც კი შედის“ 

„ზოგისთვის ეს მუქთა ფულია“, – გვიყვება პირი, რომელსაც გონიო-კვარიათის სანაპიროს ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე კომერციული აქტივობა თავადაც აქვს წამოწყებული. გონიო-კვარიათის პლაჟის ათვისების ამბებს გვიყვება იმ პირობით, რომ მის სახელსა და გვარს არ დავწერთ „მერიასთან პრობლემები რომ არ შეექმნას“.

რამაზი [სახელი შეცვლილია] ამბობს, რომ პრობლემები აქ, განსაკუთრებით კი კვარიათის სანაპირო ზოლზე მერიასაც აქვს. ის ირწმუნება, რომ „მერია ყველგან ვერც კი შედის“.

რას ნიშნავს „მერია ყველგან ვერ შედის?“ – ამ კითხვაზე გვპასუხობს, რომ „ზოგი ისეთი კაცისაა, ზოგს ასეთი პატრონი ჰყავს“.

რამაზი ირწმუნება, რომ კვარიათში „გარედან ვერავინ შევა“: „გონიოში ალბათ არის რაღაც ადგილები, რასაც მერია აკონტროლებს, კვარიათში – არა, აქ ადგილები თავად ხალხს აქვს განაწილებულიო“. ამის დასადასტურებლად მაგალითებიც მოჰყავს: „ორი თვის წინ იყო აქ მერიის ხალხი გამოსული, პოლიციაც ახლდათ. მხოლოდ ერთ-ორს დაანგრევინეს… გაყევით ამ სანაპიროს, მასეთი რამდენია“.

როგორ ხდება, რომ ერთ მონაკვეთში მუნიციპალური ინსპექცია დაჟინებით ითხოვს დემონტაჟს და ამას აღწევს კიდეც, სხვაგან კი მესაკუთრე შენობას ინარჩუნებს? „ეს თქვენ გეცოდინებათ და მე ნუ მეკითხებითო“, – გვპასუხობს რამაზი.

გონიო-კვარიათის ზოლში გაფრთხილებასა და დემონტაჟზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ჯერ მარტში, შემდეგ კი მაისში წერდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მარტში, მაისშიც და შემდეგაც, რამდენიმე შენობის დემონტაჟი მართლაც დაიწყეს, რამდენიმე კი გადარჩა.

„გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად ახორციელებს მონიტორინგს. ყველა სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება“, – ეს არის ზოგადი პასუხი, რაც მუნიციპალური ინსპექციიდან წერილობით მოგვაწოდეს.

კონკრეტულ პასუხისმგებელ პირზე კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.

  • აუქციონის ფასები

გონიო-კვარიათის პლაჟზე დასაქმებულები, ვინც მედიასთან აცხადებს, რომ ლეგალურად სურს მუშაობა, მიაჩნიათ, რომ წელს განსაკუთრებით ძვირი ფასი დაადო მერიამ სანაპიროს.

თუმცა, ყველაზე მცირე ზომის – 14 კვ.მეტრი ნაკვეთი ბათუმის მერიას 175 ლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, ვაჭრობის ბიჯი 10 ლარი იყო. თუ ამ ნაკვეთის შეძენას დაინტერესებული პირი ერთი ბიჯით მოახერხებდა, მას 185 ლარის გადახდა მოუწევდა – კვადრატულ მეტრზე 13 ლარი. ამ თანხის გადახდა მოუწევდა აუქციონში გამარჯვებულს ერთჯერადად, პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გონიო-კვარიათში ზღვაზე აქტიური სეზონი აგვისტოს ბოლომდეა, შედარებით პასიური სეზონი კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, შეიძლება 15 სექტემბრამდე გაგრძელდეს.

თითქმის იგივე პირობებით ჰქონდა მერიას აუქციონზე გატანილი შედარებით დიდი ზომის ნაკვეთებიც – 1 კვ.მეტრი 12.80 ლარად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: