მთავარი,სიახლეები

იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

27.07.2022 • 2669
იღებ დიპლომს, რა ხდება შემდეგ? – რას ჰყვებიან ბაკალავრები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი გასულ კვირას დამთავრდა. მეოთხე კურსელებმა ჩაიცვეს მანტიები და ბევრი ფოტოც გადაიღეს უნივერსიტეტის სხვადასხვა სართულსა და ეზოში.

ბსუ-ს კურსდამთავრებულებს, ანა ვარშანიძესა და მარიამ ფუტკარაძეს ვკითხეთ, თუ რა ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ანა ამბობს, რომ პროფესია ჯერ არ აქვს, მიუხედავად იმის, რომ მან ახლახან ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრიატი დაასრულა.

  • „დიპლომის გარდა სხვა უნარები უნდა გქონდეს, რომ დაიწყო სამსახური“

ანამ გვითხრა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარების მოტივაცია არ ყოფილა დიპლომის აღება, მისი მოტივაცია სწავლა და განვითარება იყო. მაგ პროფესია თავად აირჩია, მშობლების და ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე.

„ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანაში, ზოგადად, დიპლომის ქონა მნიშვნელოვანია. ასეთი ფრაზაც არსებობს – „დიპლომი უნდა გეგდოს“. ამ ფრაზაში ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა რაც არის.

დიპლომის გარეშე დასაქმება ძალიან ძნელია, თუმცა, ჩემი აზრით, ფორმალურია დიპლომის ქონა. დიპლომის იქით სხვა უნარები უნდა გქონდეს, რომ დაიწყო სამსახური“, – ამბობს ანა.

ანას თქმით, მისთვის რთულია პასუხის გაცემა იმაზე, მისცა თუ არა უნივერსიტეტმა ის „სხვა უნარები“, რომელთა ქონაცაა მნიშვნელოვანი სამსახურის დასაწყებად.

ის ფიქრობს, რომ სტუდენტებს ამ მხრივ სჭირდებათ ფსიქოლოგის კონსულტაციები – უფრო მეტი საუბარი, მაგალითად, თავდაჯერებულობაზე, რათა მეტად გაიხსნან და საჭირო უნარების გამომუშავება შეძლონ. ანას თქმით, ამისთვის მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვა საკმარისი არ არის.

ანა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში ინგლისური ლიტერატურის მიმართულებებით გეგმავს. სურს, რომ სხვა ქვეყანაში ისწავლოს, რათა ამ ენის შესწავლა კიდევ უფრო კარგად შეძლოს.

ის ამბობს, რომ კონკრეტულად მისი ფაკულტეტით კმაყოფილია და მას კარგი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ, რომელთა გაზიარებული ცოდნა მისთვის ღირებულია, თუმცა ზოგიერთი სტუდენტები სხვა ფაკულტეტიდან, მისი კურსელები, არ არიან კმაყოფილები.

„სტუდენტების პრობლემა ის არის, რომ ყველა აბარებს უნივერსიტეტში უნდა თუ არ უნდა. ოჯახი აიძულებს, რომ უეჭველად უნდა ჩააბარონ. ამის გამო, ფაქტობრივად, ვისაც სწავლა უნდა ის სტუდენტიც იჩაგრება. მისთვის უინტერესო ხდება სწავლის პროცესი, რადგან ელემენტარულის ახსნაზე ჩერდება პროცესი, მაშინ, როცა ვისაც სწავლა უნდა, უფრო მეტი მოთხოვნები აქვს“, – ამბობს ანა.

ანას თქმით, იმის გამო, რომ ერთი სემესტრით სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, ბევრ სხვადასხვა კურსის სტუდენტთან ჰქონდა შეხება.

ის ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი ყველამ უნივერსიტეტში ჩააბაროს.

„რაც ვიცი, ჩემი კურსელების უმეტესობას არ უნდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება და იძულებული გახდნენ ოჯახის გამო. არადა საერთოდ სხვა პროფესიაში ხედავენ თავს. რაღაც ნაწილი უშუალოდ პედაგოგიკას მიყვება, ზოგიერთი კი უკვე დასაქმებულია“, – გვითხრა ანამ.

იგი ამბობს, რომ სწავლის და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება ძალიან ძნელია – „ან ერთს ან მეორეს, რაღაცას აკლებ. ჩემი პროფესიით არ ვყოფილვარ აქამდე დასაქმებული, თუმცა ზაფხულში მუშაობით დამიგროვებია სწავლის ფული, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის“.

ანას უნივერსიტეტში 50% – იანი გრანტი ჰქონდა. როგორც ის ამბობს, ამის გარეშე გაუჭირდებოდა და ზაფხულში დაგროვებული თანხაც აღარ იქნებოდა საკმარისი.

„[სწავლის გადასახადი] ბაზარზე არსებულ ფასებსა და, ზოგადად, ცხოვრების დონის მიხედვით, ძვირია. [მიღებულ ცოდნასთან] შესაბამისობას რაც შეეხება, ზოგიერთი კურსი არასაჭირო საგნებითაა გაბერილი, ამიტომ ის ფული წყალში გადაყრილად შეიძლება ჩაითვალოს.

საერთოდ, ბაკალავრზე [4 წლის განმავლობაში] რასაც ვსწავლობთ, 3 წელზეც შეიძლება განაწილდეს, ჩემი აზრით“, – გვითხრა ანამ.

ანას სწავლის გასაგრძელებლად ფულის დაგროვებას გეგმავს. უნდა, რომ დასაქმდეს, თუმცა მისთვის ძნელია შესაბამისი სამსახურის პოვნა.

„იძულებული ხარ სხვა რაღაცას დასთანხმდე ანაზღაურების გამო, რაც საერთოდ არაფერ შუაშია შენს პროფესიასთან. არ ვიცი რა იქნება. ეს ძალიან პარადოქსული ამბავია. შესაძლოა, ჭკვიანი ადამიანი იყო, მაგრამ ვერ გამოიყენო ეს ცოდნა. ძირითადად, ვისაც აქვს ცოტა ცოდნა, მაგრამ ბევრი მოხერხება, ის უფრო საქმდება, ის უფრო პოულობს თავს საზოგადოებაში და საერთოდ, ის უფრო კარგად ცხოვრობს, ვიდრე ინტელექტუალური ადამიანი.

ასე ხდება, სამწუხაროდ – ვისაც ბევრი ცოდნა აქვს, მას მოხერხებულობა აკლია, ვისაც ცოტა ცოდნა აქვს, ის კარგად იყენებს ამ ცოტა ცოდნას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნის გამოყენებაა“ – “, – გვითხრა ანამ.

ანა ვარშანიძე

  • „ჩემთვის, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველაზე რთული ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო“

მარიამ ფუტკარაძე უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ის გვიყვება, რომ ბავშვობაში ერთი სული ჰქონდა, როდის ჩააბარებდა უნივერსიტეტში და ამ სურვილს მშობლებისგან, სხვებისგან ხშირად მოსმენილი ფრაზაც ამძაფრებდა, რომ „სტუდენტური ცხოვრება დაუვიწყარია“.

მარიამის თქმით, ბაკალავრზე სწავლის დასრულება დიდად არ გახარებია, რადგან პანდემიის გამო ვერ შეძლო სტუდენტობის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება.

როგორც ის ამბობს, დიპლომის ქონა, როცა დასაქმებაზე მიდგება საქმე, არ არის დიდი პლუსი – დიპლომს ზოგიერთი დაწესებულება არც კი ითხოვს.

„შესაძლოა დაასრულო პროფესიული კოლეჯი ან რამე მსგავსი, იყო შრომის მოყვარე, პასუხისმგებლიანი და უფრო მარტივად დასაქმდე, დიპლომიანზე მეტი შემოსავალი გქონდეს, კარიერულ განვითარებასაც მიაღწიო, ვიდრე გქონდეს 2 დიპლომი, შემოდო თაროზე და დაიწყო ტაქსისტობა“, – გვითხრა მარიამმა.

მარიამი სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე ისევ ბსუ-ში აპირებს. მისი თქმით, ბსუ-ში ბაკალავრზეც თავისი სურვილით ჩააბარა, იმის მიუხედავად, რომ სხვა უნივერსიტეტშიც შეეძლო ესწავლა.

მარიამი გვიყვება, რომ პანდემიის გამო სახლში გაჩერების გარდა არ ახსენდება რაიმე სხვა გარემოება, რამაც მისთვის განათლების მიღება დააბრკოლა უნივერსიტეტში.

„ჩემთვის, ამ 4 წლის განმავლობაში, ყველაზე რთული ონლაინ რეჟიმზე გადასვლა იყო. როცა გავიცანი უნივერსიტეტი, მეგობრები, ლექტორები, მივეჩვიე ამ გარემოს და ვცდილობდი თავის დამკვიდრებას, ვირუსი სწორედ მაშინ დამატყდა თავს. შეიძლება ითქვას, იმ ადგილზე დამაბრუნა, საიდანაც დავიწყე“.

მარიამი თვლის, რომ ონლაინ სწავლის ხარისხი არ იყო ისეთი, როგორიც უნივერსიტეტში, პირდაპირი კომუნიკაციის დროს. გაგვიმხილა, რომ როცა იცოდა, გამოცდების ონლაინ ჩაბარება შედარებით მარტივად შეეძლო, მეცადინეობასაც მოუკლო – „უფრო მეტს შევძლებდი უნივერსიტეტში, ვიდრე ეს გავაკეთე ონლაინ“.

მარიამის თქმით, მისი კურსელების ნაწილი თვლის, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს და ამ პროფესიაში ვერ ხედავენ თავს.

„ერთ-ერთი ჩემი კურსელი ძალიან აქტიური იყო, მაგრამ ვერცერთ ლექციაზე საკუთარ სათქმელს ვერ გადმოსცემდა. ერთხელ თქვა, რომ მისი ოჯახის წევრებს უნდოდათ გამოსულიყო ფინანსისტი, შემდეგ ბანკში ან მერიაში რომ ემუშავა. მე არ მინდა, მაგრამ ხათრი გავუწიე ოჯახის წევრებსო“.

მარიამის გამოცდილებით, საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმება ძალიან რთულია. მისი მიზანია, საკუთარი პროფესიით დასაქმდეს, აქამდე არსად არ უმუშავია.

მარიამი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სარგებლობდა და სწავლის საფასურს არ იხდიდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს პრაქტიკა ბათუმის მერიის საბიუჯეტო განყოფილებაში გაიარა. ფიქრობს, რომ პრაქტიკული ნაწილის მიღების შესაძლებლობა ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს.

მარიამ ფუტკარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: