მთავარი,სიახლეები

2021 წელს გამოცემული ახალი წიგნები ფესტივალიდან

22.06.2021 •
2021 წელს გამოცემული ახალი წიგნები ფესტივალიდან

[red_box]მატიას ენარი „კომპასი”[/red_box]

რომანისთვის „კომპასი” ფრანგ მწერალს, მატიას ენარს პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – გონკური მიენიჭა. წიგნი ფრანგულიდან ქართულ ენაზე პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა. სიუჟეტი ერთ ღამეში ვითარდება, მთავარი გმირი, ფრანც რიტერი, საყვარელ ქალზე, სარაზე მოგონებებში ეფლობა. ისინი დაუსრულებლად საუბრობენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ამ ორი სამყაროს მსგავსებებსა და განსხვავებებზე, ლიტერატურაზე, პოეზიაზე, არქეოლოგიასა თუ ხელოვნებაზე. 

სარა და ფრანცი ხან პოულობენ ერთმანეთს, ხანაც კარგავენ, მათი ურთიერთობის კომპასი მუდმივად აღმოსავლეთისკენაა მიმართული. სად მოუწევთ შეხვედრა შეყვარებულებს და უწერიათ თუ არა საერთოდ ერთმანეთის კიდევ ერთხელ ნახვა?

 

[red_box]ჰერმან ჰესე „თამაში რიოში მარგალიტებით” [/red_box]

მეტაფორულ რომანში „თამაში რიოში მარგალიტებით“ ჩანს ნობელიანტი მწერლის, გერმანელ-შვეიცარიელი ჰერმან ჰესეს დამოკიდებულება  მე-20 საუკუნის დასაწყისის გერმანის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ, ინტელექტუალურ თუ მორალურ კრიზისზე. ლოგიკურია, რომ ამ ტექსტის ავტორი ვერ ეგუებოდა ნაციზმის ავტორიტარულობას და შვეიცარიაში მოუწია გადასახლება.

რომანის მთავარი გმირი იოზეფ კნეხტია, რომელიც ურთიერთსაპირისპირო საწყისებს ებრძვის. ამერიკელი ფსიქოლოგი, ტიმოთი ლირი მიიჩნევდა, რომ ჰერმან ჰესემ ამ რომანით ინტელექტუალური მანქანის გამოგონება იწინასწარმეტყველა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდებოდა აზრების ციფრულ ნიშნებად გარდაქმნა. 

„თამაში რიოში მარგალიტებით“ ჰესეს ბოლო რომანია. წიგნი გერმანულიდან ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა. 

 

[red_box]ზაირა არსენიშვილი „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ [/red_box]

მკითხველი უკვე იცნობს ზაირა არსენიშვილის რომანს „ვა, სოფელო” და მოთხრობების კრებულს „კენჭები”, თუმცა „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის” მისი პირველი რომანია.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს წარმოიდგინოს როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება წლების წინ, დიდი ტერორის დროს. 

სხვების მონათხრობით, მის გონებაში ცოცხლდება მუსიკოსების ცხოვრება საშიშ წლებში, როგორ უყვარდათ, რით არსებობდნენ, რაზე ოცნებობდნენ… ის წლები თითქოს ჩავლილია და საფრთხე აღარავის ემუქრება, მაგრამ ნამდვილად უსაფრთხო სამყაროში ვცხოვრობთ? მკითხველს ავტორი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამზადებს.

 

[red_box]რობერტ მუზილი „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“[/red_box]

„ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ უდიდესი ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. მწერალი უაღრესად ზუსტად და ფაქიზად აღწერს მშობლებისგან გამოყოფის ერთდროულად მტანჯველ და სასიამოვნო განცდებს მოზარდობისას.

ინტერნატში სასწავლებლად გამგზავრებულ, მარტო დარჩენილ ტერლესს ახალი საყრდენი და ემოციები სჭირდება. პირველ ვნებებს სირცხვილისა და სიამოვნების მტანჯველი შეგრძნებებიც ახლავს თან. ტერლესი აღმოაჩენს, რომ ინტერნატის ერთ-ერთი მოწაფის მიმართ აქამდე უცნობ ლტოლვას გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ მოზარდის მელანქოლიური, არავისკენ მიმართული უმიზნო მგრძნობიარობაა, რომელსაც საბაბი სჭირდება ჯებირების გასანგრევად.

რა ბედი ეწევა ტერლესს, რომლის თვითგამორკვევის რთული პროცესი სასტიკ, ძალადობრივ გარემოში მიმდინარეობს? რა შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევს მას, როცა თანატოლ მოძალადეებს დაუპირისპირდება? და გაითავისებს თუ არა მოსაზრებას, რომ „სამყაროს დიდებულ მექანიზმში ზოგი ადამიანის არსებობა შემთხვევითი და გაუთვალისწინებელია“?

1966 წელს გერმანელმა რეჟისორმა ფოლკერ შლენდორფმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ახალგაზრდა ტერლესი“. წიგნი გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ.

 

[red_box]ერიხ ფრომი „თავისუფლებისგან გაქცევა”[/red_box]

მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულმა მოაზროვნემ, ერიხ ფრომმა ნაცისტური გერმანია დატოვა და ამერიკაში გადასახლდა. „თავისუფლებისგან გაქცევა“ ფრომმა სწორედ ამერიკაში დაწერა და 1941 წელს გამოიცა. წიგნი თანამედროვე ადამიანისთვის თავისუფლების მნიშვნელობას შეეხება. ფრომი განიხილავს, საიდან იწყება ადამიანის თავისუფლება და სვამს კითხვას, არის თუ არა თანამედროვე ადამიანი უფრო თავისუფალი, ვიდრე გლეხი, რომელიც ფეოდალურ წყობილებაში ცხოვრობდა? 

წიგნის მთარგმნელი მედეა რუსიშვილია.

 

[red_box] იმან ჰუმაიდან იუნისი „ველური თუთა” [/red_box]

იმან ჰუმაიდან იუნისი თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალია. „ველური თუთა” 2021 წელს გამოცემული მისი მეორე რომანია, რომელიც ქართულად წელს პირველად გამოიცემა. წიგნი არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ.

წიგნის მთავარი გმირის, სარას მონათხრობით, მკითხველი ლიბანის დრუზების თემის ცხოვრებას ეცნობა, მკითხველისთვის ეს ტექსტი ლიბანის მთიან სოფლებში მოგზაურობის ტოლფასია.

მთავარი გმირი საკუთარი თავის ძიების პროცესშია და მკითხველი დეტალურად აკვირდება, როგორ ეძებს და პოულობს სარა საყრდენს ცხოვრებაში, რასაც მისი განვითარება უნდა დაეფუძნოს, რამაც უნდა მისცეს ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად.

 

[red_box]თამარ ბართაია „ფერფლი“[/red_box]

როგორც თამარ ბართაია ამბობს, „ფერფლი“ მისი პირველი და ბოლო რომანია. წიგნი ავტორმა სამ თვეში დაწერა, მაგრამ რაც ტექსტშია, მისივე თქმით, 30 წლის ნაფიქრალია და სწორედ ამ რომანში მოაქცია მან ყველაფერი, რისი თქმაც ხმამაღლა სურდა, რაც სცენარებსა და პიესებში ვერ ჩატია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: