მთავარი,სიახლეები

რუსი სამხედროები, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, ლუგანსკში სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი

21.07.2022
რუსი სამხედროები, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, ლუგანსკში სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი

ათობით რუსი სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს, უკრაინის დატოვება და კონტრაქტების გაუქმება მოინდომეს, ლუგანსკში, სარდაფში ჰყავთ ჩაკეტილი – ამის შესახებ Настоящее Время წერს.

„ვართ სარდაფში, მშივრები. გვითხრეს, რომ აქ დაახლოებით ორი დღე გაგვაჩერებენ. მერე საით – უცნობია. ტელეფონი ჩუმად შევიტანე. ნივთები ჩამოგვართვეს. ვისაც ტელეფონს უპოვიდნენ, უმტვრევდნენ. საკაცეებზე გვძინავს. დენი არაა, სიბნელეში ვართ. გვითხრეს, რომ სახლში არავინ გაგვიშვებს, აქ ლუგანსკში იქნება სასამართლო,“ – ეს არის მესანგრეთა ასეულის რიგითის, არტემ გორშენინის შეტყობინება, რომელიც მან დედას გაუგზავნა.

სამხედროები სარდაფში/ფოტო მიაწოდეს Настоящее Время-ს

სამხედროების თქმით, ადგილი, სადაც ისინი ჰყავთ, ქალაქ ბრიანკასთანაა.

არტემის დედა, ფატიმა გორშენინა ჰყვება, რომ სამხედროები თავიდან ბრიანკაში ყოფილ სკოლაში ჰყავდათ, – „მათ კერძო სამხედრო კომპანია დარაჯობდა, „მუსიკოსებს“ ეძახდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს „ვაგნერი“ იყო“.

ფატიმა გორშენინას თქმით, როგორც შვილმა 15 ივლისს შეატყობინა, სარდაფში უკვე დაახლოებით 20 სამხედრო ჰყავდათ – „საჭმელს არ აძლევდნენ. მითხრა, რომ მათ არ სცემდნენ, თუმცა თუ მანამდე ბრიანკაში მშვიდად ელაპარაკებოდნენ, წოდებას და ხელფასს ჰპირდებოდნენ, ახლა გადავიდნენ მუქარაზე, რომ მათ დეზერტირობისთვის გაასამართლებენ“.

არტემ გორშენინი

მესანგრეთა ეს ასული აფხაზეთშია ბაზირებული. როგორც სამხედროებმა მშობლებს უთხრეს, სამ-თვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ, მათ უკრაინიდან წასვლა მოისურვეს და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადებები დაწერეს, თუმცა მეთაურები მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ.

„9 ივლისს მომწერა, რომ როსტოვში მათ წაყვანას თვითმფრინავით აპირებდნენ. როსტოვიდან კი აფხაზეთში. მერე დამირეკა და მითხრა, რომ ლუგანსკში გადაიყვანეს,“ – ამბობს სვეტლანა ელჩევა, კიდევ ერთი რიგითის, ნიკიტა ლაზარევის დედა.

ნიკიტა ლაზარევი

რამდენიმე დღეა, შვილებისგან შეტყობინებები აღარ მიუღიათ. ოჯახებმა ახლა არ იციან, სად იმყოფებიან არტემ გორშენინი, ნიკიტა ლაზარევი და კიდევ 18 სამხედრო, რომლებმაც ბრძოლაში დაბრუნებაზე უარი თქვეს.

მანამდე მე-11 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ეფრეიტორი Настоящее Время-ს უყვებოდა, რომ ის და მისი თანამებრძოლები ლუგანსკში ავტოფარეხში ჰყავთ ჩაკეტილი. Настоящее Время-ს ინფორმაციით, მე-11 ცალკეული ბრიგადის 78 წევრს უკრაინის დატოვება სურდა, მათ კონტრაქტის გაუქმებაზე განცხადებებიც დაწერეს, თუმცა ხელმძღვანელობის ზეწოლის შემდეგ, 50-მა სამხედრომ სამსახურიდან წასვლა გადაიფიქრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: