ნეტგაზეთი • RU

ბათუმში მგზავრობა 50 თეთრი ღირს, მაგრამ 70 თეთრს იხდით. რატომ? – ინტერვიუ

ბათუმში მიკროავტობუსით მგზავრობა 70 თეთრი ღირს, ოღონდ არაოფიციალურად. გასულ თვეში ბათუმის საკრებულომ არ გაზარდა მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური და 2025 წლის პირველ აპრილამდე ბათუმში მგზავრობა, ოფიციალურად, 50 თეთრი უნდა ღირდეს.

საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათუმის მერია უწევს ზედამხედველობას. მერია ირწმუნება, რომ კანონდამრღვევ სატრანსპორტო კომპანიებს აჯარიმებს. რეალობა კი ასეთია – მოქალაქეები მგზავრობის საფასურს – 70 თეთრს იხდიან, მაშინ როცა კანონით 50 თეთრი უნდა გადაიხადონ.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ  მუნიციპალიტეტი თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ამის შედეგი კი მოქალაქეების პირად ბიუჯეტზე აისახება.

ნათია აფხაზავა

  • ქალბატონო ნათია, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ მიუხედავად საკრებულოს გადაწყვეტილებისა, არ გაეზარდა  მგზავრობის ტარიფი, მგზავრები მაინც 70 თეთრს იხდიან?

ეს ნიშნავს იმას, რომ მუნიციპალიტეტი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას. საკრებულოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში მერიამ. გარდა იმისა, რომ საკრებულო იღებს დადგენილებას, უნდა მოხდეს მისი აღსრულების, ამავე დროს მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმების ამუშავება. დღეს ამას ვერ ვხედავ.

საკრებულოს კომისიაზე როცა საკითხი განიხილეს, უარყოფითად იქნა შეფასებული. არგუმენტი იყო, რომ თუ მგზავრი 50 თეთრს იხდის, მძღოლი არ ეუბნება, 70 თეთრი გადაიხადეო. მძღოლის და მოქალაქის ანაბარა ამ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხდება. არსებობს ზედამხედველობის ორგანოები, იმათმა უნდა იმუშაონ და მოსთხოვონ შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებს, რომ ეს ტარიფი [50 თეთრი] იქნეს შენარჩუნებული.

სხვა შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილება არ სრულდება. სხვა სანქციები უნდა არსებობდეს, რომ კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვოთ ამისთვის პასუხი.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება საკითხის ასე, მძღოლისა და მოქალაქის იმედზე დატოვებით, ირიბად ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა გაზრდილი ტარიფის გამო?  

როდესაც საკრებულო ამბობს – მე შევინარჩუნე ტარიფიო, ამით პოზიტიურად პოზიციონირებს და ამბობს, რომ ის მოქალაქეების მხარეს დადგა – არ გაზარდა ტარიფი.

მაგრამ მეორეს მხრივ საკრებულოს ვალდებულებაა, რომ ზედამხედველობა გაუწიოს რამდენად შესრულდა ეს გადაწყვეტილება. თუ საკრებულო არ ადევნებს მისი გადაწყვეტილების აღსრულებას თვალს, ნიშნავს რომ ისევ არ დგას მოქალაქის მხარეს და ატყუებს კიდეც მას.

  • თქვენი აზრით საკრებულომ ასე ფორმალურად რატომ შეინარჩუნა ტარიფი?

ჩვენი დაკვირვებით, ეს დიდი პრობლემაა.

ერთის მხრივ არის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები და კომპანიები. ეს კომპანიები მძღოლებს იყენებენ იარაღად. ათ წელზე მეტია ეს პრობლემა დგას და ყოველწლიურად ხდება ამ საკითხის გამწვავება. ზოგჯერ საგზაო მარშრუტი არ მოსწონთ, ზოგჯერ პირობები არ მოსწონთ და ყოველთვის იყენებენ მძღოლებს ამის იარაღად, სამწუხაროდ.

მეორე მხრივ არის საზოგადოება, რომელსაც ეზრდება ტრანსპორტის ტარიფი, მაშინ როცა გაზრდილია ყველაფრის ფასი და არ იზრდება მათი შემოსავალი, პირიქით – მცირდება.

ასევე, ქალაქში არ გვყავს საკმარისი მუნიციპალური, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე, რომ მოქალაქემ ყველა მიმართულებიდან ისარგებლოს. ასეთ მიმართულებებზე ხდება კერძო კომპანიებით [მიკროავტობუსებით] ჩანაცვლება.

რატომ ირიდებს [პასუხისმგებლობას]? იმიტომ, რომ მძღოლების მხრიდანაც არის ყოველთვის დიდი პროტესტი, საზოგადოების მხრიდანაც არის პროტესტი. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტს არ შესწევს ძალა, რომ ეს დააბალანსოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ერთხელ მაინც, საზოგადოების სასიკეთოდ და არა კერძო სექტორის.

  • საკრებულო ამ გადაწყვეტილებით, გამოდის, ცდილობს მოქალაქეების გული მოიგოს და მძღოლებისაც?

ამ შემთხვევაში თავიდან ირიდებს კონფლიქტს. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტს არ შესწევს ძალა ასეთი კონფლიქტური სიტუაციები მართოს. ცდილობს ასე გაჭიანურებულად, გადაფარვით  მოახდინოს კონფლიქტების შეჩერება და არა გადაწყვეტა.

  • რამდენ ხანს შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს არ ვიცი, ალბათ საზოგადოების მხრიდანაც უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი.

საკრებულოს მხრიდანაც არის გულგრილობა ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. კომისიის და საკრებულოს სხდომაზე მოხდა ამის განხილვა, მაგრამ თავად საკრებულოს წევრებს არ ჰქონიათ დამოკიდებულება, რომ აი, ჩვენ უნდა აღვასრულოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მერიას, რომ აღასრულოს. მსგავსი ინიციატივა არ ყოფილა.

ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოების დაინტერესება და გარკვევა, თუ რატომ არ ხდება საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება. უნდა დააჯარიმონ ან შეუჩერონ ლიცენზია კომპანიებს და ა.შ. ეს უნდა განახორციელოს ზედამხედველობითმა ორგანომ.

მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ საკრებულოც ხუჭავს თვალს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი