მთავარი,სიახლეები

რატომ სურს უკრაინას ომის ზამთრამდე დასრულება – ერმაკის განმარტება

20.07.2022 • 4263
რატომ სურს უკრაინას ომის ზამთრამდე დასრულება – ერმაკის განმარტება

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, თუკი უკრაინა დროულად მიიღებს შეიარაღებას, რუსები ვეღარ შეძლებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრებას.

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ომი ზამთრამდე დაასრულოს – უთხრა ანდრეი ერმაკმა Новое Время- ს ვრცელ ინტერვიუში. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუს ოკუპანტებს საკმაოდ დიდი დრო ექნებათ იმისთვის, რომ თავდაცვა გააძლიერონ.

როგორც ერმაკი განმარტავს, უკრაინის ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ამისთვის სამხედროებს საკმარისი შეიარაღება და საბრძოლო მასალები სჭირდებათ.

„მათ აქვთ მოტივაცია. ისინი პროფესიონალები არიან. მათ ყველაფერი აქვთ საკმარისი იარაღისა და აღჭურვილობის გარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზამთრამდე დასრულდეს ომი. ზამთრის შემდეგ, როდესაც რუსებს მეტი დრო ექნებათ, ცხადია, უფრო გართულდება ვითარება. ისინი ამისკენ მიგვათრევენ, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ“, – აღნიშნავს ერმაკი.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ვოლოდიმირ ზელენსკის დავალების შესრულება – ქვეყნის სამხრეთის დეოკუპაცია ზამთრამდე, ერმაკი პასუხობს, რომ უკრაინა აუცილებლად გათავისუფლდება, თუმცა კონკრეტული ვადების დაწესება შეუძლებელია.

„ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და კარგად გვესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს არის თემა, რომლის უკანაც ადამიანების სიცოცხლე დგას“.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, საქმე ეხება არამხოლოდ ცალკეული რეგიონების, არამედ უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას.

„ეს რთული სამუშაოა. როდესაც შენს წინააღმდეგ იბრძვის მტერი, რომელსაც გაცილებით მეტი შეიარაღება და ხალხი ჰყავს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ამავე დროს, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს ანდრეი ერმაკი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციაა.

მანამდე, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს მისცა ბრძანება, უკრაინის სამხრეთის გათავისუფლების გეგმა შეიმუშაონ.

მთავარი ფოტო: ანდრეი ერმაკი/პრეზიდენტის ოფისის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: