მთავარი,სიახლეები

ოკუპირებულ ქალაქებში, უკრაინელთა ბინებში რუსი სამხედროების ოჯახებს ასახლებენ – მედია

01.07.2022 • 1864
ოკუპირებულ ქალაქებში, უკრაინელთა ბინებში რუსი სამხედროების ოჯახებს ასახლებენ – მედია

როგორც უკრაინის 24-ე არხს პარტიზანული მოძრაობის წევრები უყვებიან, მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ენერგოდარში „დიდი გადასახლებაა“ – ქალაქებში, რომლებსაც „უსაფრთხოდ“ მიიჩნევენ, რუს სამხედროებს ოჯახები ჩაჰყავთ და ადგილობრივების ბინებში სახლდებიან.

პარტიზანების ცნობით, „სტუმრები“ ძირითადად ახალაშენებულ კორპუსებში, იმ ბინებში შედიან, სადაც მანამდე შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ. შესვლამდე ოჯახის წევრებისთვის, უმეტესწილად კი ცოლებისთვის, „ჩვენებას” აწყობენ – ათვალიერებენ ბინებს და შემდეგ ერთად ირჩევენ, რომელში დასახლდნენ.

24-ე არხს უყვებიან, რომ სამხედროები ერთმანეთში ტრაბახობენ, თუ როგორ პირობებში იცხოვრებენ მათი შვილები, რუსეთში მყოფ ნათესავებს კი საცხოვრებელი ოთახების, მათ შორის, ტუალეტებისა და საშხაპეების ფოტოებს უგზავნიან.

„ჩვენ ვაფიქსირებთ ოკუპანტების ყველა ოჯახს, რომელიც კი ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა. ვადგენთ მისამართების ჩამონათვალს ვინ სად ცხოვრობს. მართალია, დამპყრობლები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ და ფრონტის ხაზიდან შორს არიან, მაგრამ დამშვიდება მათთვის ძალიან ადრეა. ზოგიერთი „მფლობელი“ უკვე გაემგზავრა იმ ქვეყნად“, – ამბობს პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი.

24-ე არხი წერს, რომ მსგავსი ვითარებაა დონბასის ქალაქებში და ლუგანსკის ოლქში. რუსი სამხედროების, დაქირავებული მებრძოლებისა თუ იმ ადამიანების ოჯახები, ვისაც ოკუპანტებთან კარგი კავშირები აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის ბინებს იკავებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: