მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები

18.06.2022
რა მიანიშნებს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაზე – ექიმის რჩევები

კალციუმის ჯანსაღი დონე ორგანიზმში აუცილებელია ძლიერი ძვლების საშენებლად და შემდეგ მათ შესანარჩუნებლად. კალციუმი ასევე აუცილებელია გულის, კუნთებისა და ნერვული გამტარებლობის სწორად ფუნქციონირებისთვის. დეფიციტის დროს ორგანიზმი კალციუმს ძვლებისგან სესხულობს, ეს კი საბოლოოდ ძვლებს ფიტავს და სხვა სირთულეებს იწვევს.

„ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა გამოიყენოს ის მისთვის აუცილებელ საერთო ნივთიერებათა ცვლაში, ძვალი კი ამ დროს იფიტება, კარგავს კალციუმს“ – განმარტავს ბათუმის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე.

რა იწვევს კალციუმის ნაკლებობას, როგორ დავადგინოთ, გვაქვს თუ არა ეს პრობლემა და რა არის კალციუმის საუკეთესო წყარო? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა გიზო გორგილაძეს. 

  • ბატონო გიზო, რაში სჭირდება ორგანიზმს კალციუმი, რაზეა ის პასუხისმგებელი?

ისევე როგორც სხვა მიკროელემენტები, კალციუმი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალურად მუშაობისთვის, მისი ნაკლებობა და სიჭარბეც [რაც გამონაკლის შემთხვევებში ხდება] ორგანოთა თითქმის ყველა სისტემაზე აისახება ნეგატიურად.

კალციუმი ძირითადად წარმოადგენს ძვლოვანი მასის საშენ მასალას და ორგანიზმში მისი [იონიზირებული კალციუმი] 99% არის ძვალში, დანარჩენი 1% კი ცირკულირებს სისხლში. ის გამოიყენება, მაგალითად, კუნთების შეკუმშვისთვის, სისხლის კოაგულაციისთვის, ნერვული გამტარებლობის რეგულაციისთვის, გულის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე, ჰორმონების ფუნქციონირებისთვის.

კალციუმის ნაკლებობის შედეგად ვითარდება ოსტეოპოროზი, იგივე ძვლების გამოფიტვა, რის დროსაც ხშირია მოტეხილობა და საჭირო ხდება ამ არეში საკმაოდ სერიოზული ოპერაციები.

  • რით შეიძლება იყოს გამოწვეული კალციუმის დეფიციტი ორგანიზმში?

კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული გენეტიკური ფაქტორებით, სხვა ვიტამინების დეფიციტით ორგანიზმში ან გარკვეული დაავადებების შედეგად.

მაგალითად, კალციუმის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ, რადგანაც იგი კალციუმის შეწოვის პროცესში მონაწილეობს, ასევე, მაგნიუმის ნაკლებობამ. დაავადებებს რაც შეეხება, მიზეზი შეიძლება გახდეს პანკრეატიტი, თირკმლის უკმარისობა. კალციუმის დეფიციტს უწყობს ხელს ალკოჰოლიზმი, კოფეინის ჭარბი მიღება და ცხადია, თუ რაციონში მცირეა კალციუმის შემცველი პროდუქტები.

გარდა ამისა, კალციუმის დეფიციტი შეიძლება შეიქმნას მენოპაუზის შემდეგ, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად.

45-50 წლის შემდგომ ასაკში კალციუმის ჩალაგება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე მისი ხარჯვა და ძვალი იფიტება; ორსულობის დროს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ფორმირებისთვის უფრო მეტ კალციუმს მოიხმარს ორგანიზმი და თუ ეს მიკროელემენტები არ იქნება ორსულობის პერიოდში დანიშნული, შეიძლება ნაყოფსაც და დედასაც შეექმნას ძვლოვან სისტემაზე პრობლემა.

ბუნებამ ისე მოაწყო ორგანიზმი, რომ ყოველთვის, როცა კალციუმის დეფიციტია, მას ძვლისგან იღებს, რათა ის გამოიყენოს საერთო ნივთიერებათა ცვლაში, რაც მას სჭირდება, ძვალი კი ამ დროს იფიტება, კარგავს კალციუმს.

  • როგორ უნდა ამოვიცნოთ კალციუმის ნაკლებობა?

გარეგნული ნიშნებით ეს შეიძლება გამოხატული იყოს თმის ცვენით, თხელი, მსხვრევადი ფრჩხილებით, კანის სიმშრალით, ახასიათებს ზოგადი სისუსტე, გულის რითმის დარღვევა, დაჭიმულობა კუნთებში, კუნთების სპაზმი, ცვლილებები მადაში, მომატებულია აგზნებადობა, ოფლიანობა. კალციუმის ნაკლებობა საბოლოოდ ძალიან ნეგატიურად აისახება კბილებზეც.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება. თუ გვინდა სწორად განვსაზღვროთ ძვლის სიმკვრივე, რამდენად შეიცავს იგი კალციუმს, უნდა განისაზღვროს იონიზირებული კალციუმი სისხლში.

  • როგორ შევივსოთ კალციუმი ორგანიზმში?

კალციუმის ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლი აქვს კვების რაციონს. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, პირველ რიგში, რძის პროდუქტები, თევზი და მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. თუ ადამიანი არ იკვებება ცხოველური პროდუქტებით, კალციუმის შესავსებად ხილ-ბოსტნეულიდან რეკომენდებულია ბროკოლი, მწვანილი, ძალიან კარგია სხვადასხვა ლობიო, მუხუდო, ნუში.

საჭიროების შემთხვევაში ინიშნება კალციუმის შემცველი დანამატები, თუნდაც ორსულებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: