მთავარი,სიახლეები

„პატარა საშკო“ – უკრაინის 19 წლის გმირი, რომელიც რუსებმა ტყვეობაში მოკლეს

08.06.2022 • 22198
„პატარა საშკო“ – უკრაინის 19 წლის გმირი, რომელიც რუსებმა ტყვეობაში მოკლეს

„პატარა საშკო – ასე ეძახდნენ სამხედრო სამსახურის დასაწყისიდანვე. მართლა პატარა იყო, ასაკითაც და სიმაღლითაც, მხოლოდ და მხოლოდ 19 წლის. ქვეითთა დანაყოფის ჯარისკაცებს ასაკით შვილად ერგებოდა და ყველა მამასავით ეპყრობოდა. ინტერესით სწავლობდა სამხედრო მეცნიერებებს და ყველაფერში გარკვევა სურდა. 19 წლის კაზაკმა მალე მოიპოვა პატივისცემა თანამებრძოლებს შორის, როგორც ზუსტი სროლის ოსტატმა“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო Armyinform-ი უკრაინის 19 წლის გმირზე.

პატარა საშკოს შესახებ მასალას Armyinform-ი აქვეყნებს.

„პატარა“ საშკო/Сашко «Малой», როგორც მას ჯარში ეძახდნენ – ბრძოლის ან დაბომბვისას არ გარდაცვლილა, ის პუტინის ჯარისკაცების ომის დანაშაულს შეეწირა.

ალექსანდრე გარბუზი ერქვა, 2002 წლის 2 ივლისს დაიბადა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ გუბინიხაში. როგორც საშკოს მისი მასწავლებელი აღწერს, ის იყო თავმდაბალი და მორცხვი ბიჭი, რომელსაც ძალიან მოსწონდა მიწაზე მუშაობა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობების შესწავლით იყო დაინტერესებული, პერესჩეპინსკის პროფესიულ ლიცეუმში საშუალო სკოლის მეცხრე კლასის შემდეგ ფერმერის საქმეს სწავლობდა.

„საშკოს გულწრფელად უყვარდა საკუთარი მიწა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ 19 წლის ბიჭი აიძულა ხელში იარაღი აეღო. ომი მას არ აძლევდა შესაძლებლობას, დაემუშავებინა კუთვნილი მიწა“, – წერს გამოცემა armyinform-ი.

2021 წლის 20 ნოემბერს საშკომ გაიარა სამხედრო სწავლება და მექანიზებული ბატალიონის ჯარისკაცი გახდა. გაიარა მოსამზადებელი კურსი სასწავლო ცენტრში და მექანიზებული ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანაყოფის ოპერატორის პოსტი ეკავა.

უკრაინელი მებრძოლი, ზედმეტსახელად „ლიპა“ ამბობს, რომ ხარკოვის მახლობლად გამართულ ბრძოლებში მის თვალწინ პატარა საშკოს ოცეულმა რუსული ჯავშანტექნიკის ოთხი ერთეული გაანადგურა შიდა საზენიტო რაკეტით – “Corsair”.

პატარა საშკომ, მისივე ბატალიონის ჯარისკაცების თქმით, მტრის ათობით საბრძოლო მანქანა გაანადგურა.

16 მარტის ღამეს უკრაინელებმა საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს, მიზანი მტრის პოზიციების დაკავება იყო, საიდანაც უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკიდან ესროდნენ. სადაზვერვო ჯგუფმა ერთ ღამეში 12 კილომეტრი გაიარა და ტყის იმ ნაწილს მიუახლოვდა, რომელიც უნდა შეემოწმებინათ. ეს დავალება საშკოს და მასზე გაცილებით ასაკოვან მებრძოლს უნდა შეესრულებინათ, მებრძოლს, ზედმეტსახელად „ჰაკერი“.

საშკომ და „ჰაკერმა“ თანამებრძოლების თვალწინ 300 მეტრი გაიარეს და დაჭაობებულ ადგილებში გაუჩინარდნენ, რის შემდეგაც მათთან კონტაქტი გაწყდა.

ნახევარი საათის შემდეგ მტრის არტილერია გამოჩნდა, სადაზვერვო ჯგუფს თავიანთმა მეთაურებმა უკან დახევა უბრძანეს, თუმცა პატარა საშკომ და მისმა თანამებრძოლმა გზის გაგრძელება არჩიეს. ცოტა ხანში ჯარისკაცებმა თოვლზე ბრძოლის კვალი და პატარა საშკოს ქუდი შენიშნეს…

ამის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც პატარა საშკო ჩანდა სხვა უკრაინელ ტყვეებთან, რუსი ოკუპანტების თქმით „ნაცისტებთან“ ერთად. რუსებმა საშკოს იძულებით დაარეკვინეს მშობლებთან.

24 მარტს უკრაინელმა ჯარებმა სოფელი ჰუსარივკა გაათავისუფლეს. იპოვეს დაახლოებით 60 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკის ნაშთი და მრავალი სამხედრო დანაშაულის კვალი: მათ შორის, ნგრევის, ძარცვისა და მკვლელობის დამადასტურებელი ფაქტები.

მეორე დღეს, ადგილობრივების თქმით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი სოფლის გზაზე იპოვეს. თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, სხეულს წამების კვალი ეტყობოდა. ბატალიონის მეთაურმა ტატუთი ამოიცნო, რომ ეს პატარა საშკო იყო.

„პირადად მე 4 რუსი ჯარისკაცი ჩამივარდა ხელში ტყვედ, არც ერთი მომიკლავს, რადგან მესმის, რომ თუ მტერი გნებდება, მისი მოკვლა არ შეიძლება… როგორი გარეწარი უნდა იყო, პატარა საშკოს მოკვლა რომ მოგინდეს? 19 წლის იყო, სულ ბავშვი და სრულიად დაუცველი. აწამეს და მერე მოკლეს. რატომ?! – ამბობს პატარა საშკოს თანამებრძოლი ზედმეტსახელად „ლიპა“.

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოვლენილი გამბედაობის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის 19 წლის დაღუპულ ჯარისკაცს, პატარა საშკოს, იგივე ალექსანდრე გარბუზს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: