2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულ მონაცემებს შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
[toggle title=”აკრძალულ პირთა სიის შესახებ ვრცლად ნახეთ აქ:”]
„მუხლი 3. აკრძალული პირი და აკრძალულ პირთა სია
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალული პირი არის პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში. ამ წესის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) დასაქმებული პირი;
გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი.
2. აკრძალულ პირთა სია გულისხმობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას.“
წყარო: საქართველოს მთავრობის დადგენილება
[/toggle]
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
ამავე თემაზე:
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური