მთავარი,სიახლეები

ოდესაში მოკლული 3 თვის ბავშვის მამა: ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია

25.04.2022
ოდესაში მოკლული 3 თვის ბავშვის მამა: ჩემი სამყარო რუსულმა რაკეტამ დაანგრია

შაბათს, 23 აპრილს, უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი.

იური გლოდანი დაბომბვისას დაღუპული 3 თვის კირას მამაა. „ბიბისის“ კორესპონდენტი მასთან ერთად კვირას, 24 აპრილს, იმყოფებოდა ბინაში, სადაც დაიღუპა იურის 3 თვის შვილი, ცოლი და სიდედრი – ოჯახის სამი თაობის წევრი.

23 აპრილს იური საყიდლებზე იყო გასული, როცა რუსული რაკეტა სახლს დაეცა. იგი დაბრუნდა და პოლიციელებს უყვიროდა, შეეშვათ ცეცხლმოკიდებულ სახლში, სადაც მისი ოჯახი იყო. ბინაში შესვლის შემდეგ მან ცოლის და სიდედრის ცხედრები იპოვა. მოგვიანებით მაშველებმა აღმოაჩინეს იურის 3 თვის შვილის, კირას ცხედარიც.

იური და მისი ცოლი, ვალერია, ერთად 10 წლის განმავლობაში იყვნენ.

„ძალიან კეთილი იყო, კისკისა, უყვარდა სიცილი, სიხარულს წვრილმანებში, უბრალო რამეებში პოულობდა. ძალიან უყვარდა ოდესა, მართლა მისი საყვარელი ქალაქი იყო. თქვენ არ იცით, რა კარგად წერდა, როგორი დედა იყო… ვერ წარმოიდგენთ!

…ვესწრებოდი მშობიარობას, ბედნიერებისგან ვტიროდი, რომ გოგონა დაიბადა. ძალიან მიჭირს გააზრება, რომ ჩემი გოგონა უკვე აღარ არის. არც ცოლი, არც სიდედრი. გუშინ ჩემი სამყარო მოკვდა. ის მოკლა რუსულმა რაკეტამ“ – “ – უთხრა იურიმ ჟურნალისტებს.

კვირას იური დანგრეულ სახლში მივიდა, რომ ბინიდან წაეღო, რაც გადარჩა. ფოტოალბომები, ხელნაწერები… დანგრეულ სახლში მან იპოვა 3 თვის კირას საბავშვო ეტლის ნამსხვრევებიც.

„ბიბისი“ წერს, რომ იურიმ წამოსვლისას სამგზავრო ჩანთაში ჩალაგებული ბავშვის საფენები მიაწოდა ჟურნალისტებს.

„ეს უკვე აღარაა საჭირო. ეს ბავშვებს გადაეცით, საქველმოქმედო ორგანიზაციებს.“ – თქვა მან.

________________________

მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: