მთავარი,სიახლეები

10 გრამამდე მარიხუანის საზღვარზე შემოტანა პატიმრობით აღარ დაისჯება – საკონსტიტუციო

22.04.2022 •
10 გრამამდე მარიხუანის საზღვარზე შემოტანა პატიმრობით აღარ დაისჯება – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომშრალი მარიხუანის [არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით], პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით 6.7 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.

საქმის მასალებშია კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები გასამართლდნენ გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია.

„საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი კონსტიტუციური გამაშუალებლის ანუ პროპორციულობის გარეშე მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“, – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს „ბექა წიქარიშვილის საქმეში“.

საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ამჯერად:

„იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანის მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულის სწრაფად ჩამოყალიბებას, ასევე მისი ზემოქმედების ქვეშ, როგორც წესი, პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებული ოდენობით მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად…

ამავე დროს მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ის მზარდი საერთაშორისო ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა. ზოგიერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მარიხუანა უკვე ჩაეშვა ლეგალურ ბრუნვაში, რაც, თავისთავად, ამცირებს მოთხოვნას ამ პროდუქტის მიმართ „შავ ბაზარზე“. შესაბამისად, დღეს არსებულ რეალობაში არაგონივრულია, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ სადავოდ გამხდარი ოდენობების მარიხუანის საქართველოში შემოტანისათვის პირი დაისჯება სასჯელის ისეთი მკაცრი ფორმით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შეზღუდვის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის სათანადოდ განხორციელება შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სადავოდ გამხდარი ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციის დაწესების გზით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და სასამართლოებს აღარ აქვთ სამართლებრივი საფუძველი რომელიმე ბრალდებულს, ვისაც ამ დროისთვის 9.6 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანას ედავებიან, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: