მთავარი,სიახლეები

რატომ გააუქმა პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის ბრძანება – ბრიტანეთის დაზვერვა

22.04.2022
რატომ გააუქმა პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის ბრძანება – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „აზოვსტალზე“ მასშტაბური სამხედრო შეტევა რუსეთის არმიისთვის უდიდესი დანაკარგებით დასრულდებოდა და კიდევ უფრო შეამცირებდა მის ბრძოლისუნარიანობას. უწყება ტვიტერზე გამოქვეყნებულ ყოველდღიურ განახლებაში წერს, თუ რატომ გააუქმა ვლადიმერ პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმი და მის ნაცვლად ბლოკადის ბრძანება გასცა.

„პუტინის გადაწყვეტილება ბლოკადაში მოაქციოს „აზოვსტალი“, მიუთითებს, რომ მას, სავარაუდოდ, სურს უკრაინული წინააღმდეგობა მარიუპოლში გამოკეტოს და გამოათავისუფლოს თავისი სამხედრო ძალები, რათა ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვა ადგილებში გადაისროლოს“.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე გრძელდება ბრძოლები და ინტენსიური თავდასხმები, რუსები ცდილობენ წინ წაიწიონ კრასნი-ლიმანის, ბუგაევკის, ბარვინკოვეს, ლიმანისა, პოპასნის მიმართულებით.

„რუსები ცდილობენ, როგორღაც გადაალაგონ თავისი ძალაგამოცლილი არმია. მათ დაიწყეს დაზიანებული ტექნიკის რუსეთში დაბრუნება რემონტისთვის“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გუშინ, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, შტურმი არ განხორციელდეს.

პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ ეს ის მომენტია, როდესაც უნდა იფიქრონ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, – „საჭიროა ინდუსტრიული ზონის ბლოკირება ისე, რომ ბუზიც კი ვერ შეფრინდეს“.

„არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, რუსეთი ჰპირდება სიცოცხლესა და ღირსეულ მოპყრობას.

___

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: