მთავარი,სიახლეები

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

03.03.2022 •
მთავრობა ვერ ამბობს,  რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა.

უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. ინფორმაცია ვერ მივიღეთ ასევე იმაზე, მიმდინარეობს თუ არა რაიმე ფორმით მუშაობა ამ პრობლემაზე.

იმავე კითხვით დღეს საქართველოს მთავრობის პრესცენტრს მივმართეთ. ჯერჯერობით უშედეგოდ.

უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის საქართველოში მიღებაზე კონკრეტული ინფორმაცია არც უკრაინის საკონსულოში აქვთ.

„მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას. როგორც ვიცი, კონკრეტულმა სასტუმროებმა გამოხატეს მზადყოფნა დევნილების მიღებაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია დამუშავებული არ არის, მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ მქონია,“ – გვითხრა უკრაინის საპატიო კონსულმა ბათუმში როსტომ ნაკაშიძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა მოსაზღვრე პოლონეთში, ნაწილი – რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: