Batumelebi | სურსათში აღმოჩენილი დარღვევების 936 ფაქტიდან სააგენტომ მხოლოდ მესამედი გაასაჯაროვა – აუდიტი სურსათში აღმოჩენილი დარღვევების 936 ფაქტიდან სააგენტომ მხოლოდ მესამედი გაასაჯაროვა – აუდიტი – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

სურსათში აღმოჩენილი დარღვევების 936 ფაქტიდან სააგენტომ მხოლოდ მესამედი გაასაჯაროვა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების შედეგად სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან, ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეუსაბამობის 288 ფაქტის
შესახებ [31%], რომლებიც სრულად არ მოიცავდა პროდუქტის იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის საჭირო ინფორმაციას.

აუდიტის დასკვნით, რიგ შემთხვევებში, ეს ინფორმაციებიც არ გასაჯაროვდა დროულად.

„ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართ მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას ხელს შეუწყობდა ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი დარღვევების გასაჯაროების კრიტერიუმები, ვადები, საზოგადოების გაფრთხილების მიზნით გამოქვეყნებულ განაცხადებში არსებული მონაცემები და სხვ.“ – აცხადებს აუდიტი.

„აღნიშნული, უზრუნველყოფდა მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას, სტანდარტიზებულ და დასაბუთებულ მიდგომას სურსათში აღმოჩენილი დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე მომხმარებლის ინფორმირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შეამცირებდა მავნე პროდუქტის მოხმარების რისკებს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

  • მავნე სურსათის შესახებ მოსახლეობის სრულად და დროულად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს დეტალური მეთოდოლოგია ან/და სტანდარტიზებული ოპერაციული პროცედურები, სადაც განისაზღვრება დარღვევის გასაჯაროების კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განიხილოს სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისათვის სავალდებულო ხასიათის მინიჭების საკითხი.

აუდიტის მიხედვით, „სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების სათანადო შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების არსებობა, თუმცა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები:

  • არ არის შემუშავებული მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების, ანუ „ფაქტობრივი კვების“ შესახებ მონაცემები ეროვნულ დონეზე, რაც ხელს უშლის ექსპოზიციის სათანადო შეფასებას;
  • რისკის მმართველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები, ხშირად არ არის თავსებადი რისკის შეფასებისთვის;
  • სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები არ დასტურდება ლაბორატორიულად და მხოლოდ სავარაუდო მონაცემებია, რაც რისკის შეფასებისთვის გამოსადეგი არ არის“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ − სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ მომზადებული სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკის შეფასების დასკვნები სათანადოდ ვერ ფარავს ექსპოზიციის შეფასებას, რაც ხელს უშლის რისკის დახასიათების საფეხურის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგად, რისკის შეფასების პროცესი ვერ ხორციელდება სრული სქემით“ – აცხადებს აუდიტი.

„სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების [შემდგომი რეაგირება] აუდიტის ანგარიში“ სამსახურმა 2021 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა.

აუდიტი აცხადებს, რომ „სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“  2015 წელს ჩაატარა, ხოლო აღნიშნული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ასევე გატარებული რეფორმებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, განხორციელდა შემდგომი რეაგირების აუდიტი [2016-2021 წწ.].

შემდგომი რეაგირების აუდიტის შედეგად კი, „გამოვლინდა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების, სახელმწიფო კონტროლის მართვის ელექტრონული პროგრამის და აღმოჩენილი დარღვევების გასაჯაროების მიმართულებით არსებულ ხარვეზებთან“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com