ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში მერია გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლებას გეგმავს

05.01.2022 • 2483
ბათუმში მერია გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლებას გეგმავს

ბათუმში 2022 წელს გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება დაიწყება, რომელიც ეტაპობრივად, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის მიხედვით, „ქალაქში არსებული გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლება [შეცვლა/განახლება] მრავალწლიანი პროექტია და სამუშაოების საერთო ბიუჯეტი [2022-2027 წლებში] შეადგენს 30 მილიონ ლარს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, სანათების ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხის დადგენის მიზნით, ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სამუშაოების შესყიდვაზე.

ქვეპროგრამის მიხედვით, გარე განათების წერტების რაოდენობა, რომელთა მოვლა-ექსპლუატაცია ხორციელდება ბათუმის ტერიტორიაზე, 2022 წელს 24 275-მდე გაიზრდება [ამჯერად ეს რაოდენობა არის 23 914]. ამავე ქვეპროგრამით 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია 745 ახალი ენერგოეფექტური სანათების დამატება.

უშუალოდ 2022 წელს ქვეპროგრამა ქალაქის ბიუჯეტიდან 6 079 600 ლარით არის დაფინანსებული.

ეს თანხა შემდეგნაირად დაიხარჯება:

  • გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციისთვის – 2 მილიონი ლარი;
  • გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი – 4 მილიონ 62 ათას 900 ლარი [ქალაქი წელს გარე განათებისთვის 13 106 129 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1 კილოვატში კი ბიუჯეტიდან 31 თეთრი დაიხარჯება];
  • ელექტროენერგიის ქსელზე დაერთების საფასურისთვის – 7 ათასი ლარი;
  • წინა პერიოდის დავალიანების დასაფარად – 9,7 ათასი ლარი [ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხები].

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი [2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში გარეგანათების მოვლაზე] 2021 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 500 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და 6 იანვარს დასრულდება.

„შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, როგორც კი გამოცხადდება ახალი ტენდერი – გარე განათების LED სანათებით ჩანაცვლების მოთხოვნით და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება, უკვე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულება შეწყდება“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/379687/

მთავარი ფოტო: გარე და საახალწლო განათება ბათუმში, ევროპის მოედანზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: