მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა – უახლესი ცნობები ახალი შტამის შესახებ

22.12.2021
საქართველოში ომიკრონის 24 შემთხვევაა – უახლესი ცნობები ახალი შტამის შესახებ

22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი ორი ადამიანი,  რომელთაც ომიკრონი ორშაბათს დაუდასტურდა,  24 და 26 წლის ახალგაზრდები არიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ – ერთს აშშ-ში, მეორეს კი – დუბაიში.

„მათ ჰქონდათ საკმაოდ ბევრი კონტაქტი და ამ კონტაქტებიდან დავადასტურეთ კიდევ 22 შემთხვევა. მათგან ზოგიერთი კონტაქტია, მაგრამ ამავე დროს არის დამოუკიდებელი შემთხვევებიც და თითქმის ყველა არის შემოტანილი.

9 შემთხვევა შემოტანილია დუბაიდან, ერთი – თვითმფრინავით. ერთი შემთხვევა შემოსულია ბუდაპეშტიდან, ერთი შემთხვევა არის ლონდონიდან, ორი შემთხვევა გახლავთ თურქეთის გავლით, აფრიკის ქვეყნებიდან, ასევე, ერთი შემთხვევა არის აშშ – დან” – განაცხადა დღეს, 22 დეკემბერს, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება, ერთგან იყო მაღალი ცხელების შემთხვევა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია და ომიკრონით ინფიცირებული პირები იმყოფებიან სახლში, დაკვირვების ქვეშ.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიული სამსახურების მიერ მიმდინარეობს ომიკრონით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 53 კონტაქტის კვლევა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სხვა ვარიანტებთან შედარებით ომიკრონი უფრო გადამდებია, მათ შორის, დელტა ვარიანტთან შედარებით.

ბოლო კვირებში მსოფლიოში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გადააჭარბებს თუ არა მისი გავრცელება დელტა ვარიანტს, რომელიც ჯერ კიდევ დომინანტურია მსოფლიოში.

არსებული მონაცემებით, ომიკრონვარიანტით ინფიცირება იწვევს დაავადების როგორც ასიმპტომატურ, ასევე მსუბუქ და მძიმე განვითარებას და სიკვდილს. ომიკრონს არ აქვს დელტასგან განსხვავებული სიმპტომები.

ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: