განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო

30.11.2021 • 2399
ბათუმელმა მოსწავლემ გამომგონებელთა კონკურსში პირველი ადგილი აიღო

ბათუმელი მოსწავლე დავით რუსია 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულია. მან თავის გუნდთან ერთად პირველი ადგილი აიღო.

დავითი ბათუმში, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, მეათე კლასში სწავლობს, მისი გუნდის წევრები – საბა ხაბურზანია და ანი ესართია კი სენაკელები არიან.

„ჩვენს პროექტს ჰქვია თერმული წყლები, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ტემპერატურათა სხვაობის გამო. ამიტომ სადაც არსებობს თერმული ასევე მდინარეები, ყველგან შეგვიძლია დავნერგოთ ეს ტექნოლოგია.

თერმული წყლებით ელექტროენერგიის მიღებას უზრუნველყოფს პელტეს (PLT) ელემენტები, რომლებიც ტემპერატურის სხვაობის შედეგად წარმოქმნიან ელექტროენერგიას. ჩვენ გავაკეთეთ გარდამქმნელიც, რომელიც შედგება გენერატორისა და ტრანსფორმატორისგან.

რადგან მიღებული ენერგია არის მუდმივი და წარმოქმნის 220 ვოლტ ძაბვას, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოველდღიურობაში,“ – გვეუბნება დავით რუსია.

დავით რუსია ამბობს, რომ სიახლედ ამ გამოგონებაში მიიჩნევა პელტეს ელემენტი, რომელიც აქამდე ელექტროენერგიის მიღების წყაროდ არავის გამოუყენებია.

„ელემენტი გამოიყენებოდა მხოლოდ მაცივრებსა და სხვადასხვა ტექნიკაში. ინოვაციურობაც ზუსტად იმაშია, რომ ელექტროენერგიის მისაღებად არავის გამოუყენებია. ეკოლოგიურად სუფთაა, გარემოს ზიანს არ აყენებს და ეფექტურია, რადგან დიდხანს ძლებს. დანახარჯიც მომგებიანობას არ აღემატება,“ – ამბობს დავით რუსია.

მისი აზრით, ამ გამოგონების დანერგვა ეფექტური იქნება მაღალმთიან სოფლებში, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.

„როგორც ვიცით, მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტია, ხშირად ტურისტები თავს იკავებენ ასეთ ადგილებში ვიზიტისაგან.

ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს ბარიერი მოეხსნებათ და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის დამატებითი შემოსავლის მომტანი გახდება, რაც ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება“ – ამბობს ის.

როგორ მიხვედით ამ აღმოჩენამდე? – ვკითხეთ დავითს. მისი თქმით, ონლაინშეხვედრების დროს, როცა „სტემ აკადემიის“ [მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემია] გაკვეთილები უტარდებოდათ, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ სხვადასხვა კვლევაზე როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.

„ასე შეიკრიბა ჩვენი გუნდიც და თანდათან მივედით ამ აღმოჩენამდე.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ტექნოლოგიები, ორი წლის წინ შევედი კიდეც სტემ აკადემიაში, რომელიც ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ იმუშაო სამეცნიერო მიმართულებით. სკოლაში გვაქვს სტემის ბაზა, სპეციალისტი ჩამოდის და გაკვეთილები გვიტარდება,“ – ამბობს დავით რუსია.

მისი თქმით, თუ სკოლაში არ აქვს მოსწავლეს ტექნოლოგიებთან წვდომა, რთულია წარმატების მიღწევა.

„21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, ამაზეა ჩვენი მომავალი დაფუძნებული. რადგან გამომგონებლობის ერა მოდის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებში დაინერგოს და განვითარდეს სტემ მიმართულება.

პანდემიამ აჩვენა რამდენად დიდი პრობლემაა ამ მხრივ სკოლებში, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ბავშვებს ინტერნეტზეც კი არ მიუწვდებათ ხელი.

თანამედროვე ბავშვებს მეტი უნარი აქვთ განვითარდნენ ტექნოლოგიებით, ბევრ ბავშვს აქვს სურვილი, გამოავლინოს თავისი ნიჭი, თუმცა შესაძლებლობა არ ეძლევა. თუ გვინდა წარმატებული მომავალი, მაშინ ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ კარგი სკოლები,“ – ამბობს დავითი.

დავითის, საბას და ანის გამოგონებამ შესაძლოა მალე პატენტიც მიიღოს. „ეს ნიშნავს, რომ იწყება ჩვენი გამოგონებების ახალი ეტაპი,“ – გვითხრა დავითმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: