მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე

26.11.2021
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტება გაზრდილ ხელფასებზე

ბათუმის ახალარჩეულ მერს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიმართა საკრებულოს ხელფასების გაზრდის ინიციატივით – ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა ბიუჯეტი, რითაც პირადად არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი იქნება. ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიის თანამშრომლებს და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებსაც.

ამ საკითხზე არჩილ ჩიქოვანის განმარტებას, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს, გთავაზობთ სტილის დაცვით:

„მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში შეტანილია შესაბამისი დათქმა 10 %-ით სახელფასო ნაწილის ზრდა ყველა რგოლის საჯარო მოხელეზე. აქედან გამომდინარე, ეს ასახულია როგორც საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში, ისე ჩვენც და სხვა მუნიციპალიტეტებიც, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

ბუნებრივია, ეს განცხადებაც [ოპოზიციის] არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ისევე როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხზე და პოლიტიკურ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე“.

დღეს ბათუმის ძველმა საკრებულომ ქალაქის ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საპროტესტო აქციაზე დააკავეს 4 პირი.

___

რა ხდება?

ახალი მოწვევის ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში არჩევნების შედეგად მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი, ოპოზიცია – 19 მანდატი.

მას შემდეგ, რაც ენს წევრი მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ერთმა წევრმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს, რადგან ნაციონალურ მოძრაობასთან არ ითანამშრომლებს და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს, მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 16 წევრი, ენმ – 14 წევრი, „გახარია საქართველოსთვის“ – 2 წევრი, ლელო – 1 წევრი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 1 წევრი.

ნაციონალურმა მოძრაობამ 24 ნოემბერს აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს პარტიის დატოვებას და „ნეიტრალის“ დაცვას სთხოვენ. პარტიაში აცხადებენ, რომ შანტაჟისა და მოსყიდვის პირობებში საკრებულოს გარდაცვლილ წევრს 100 ათას დოლარს სთავაზობენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ზეწოლა არ ფიქსირდება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ ენმ-ს ამის შესაძლებლობას არ მისცემენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: