მთავარი,სიახლეები

ბრეგაძე სააკაშვილზე: არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ, ღმერთმა დამიფაროს

16.11.2021 •
ბრეგაძე სააკაშვილზე: არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ, ღმერთმა დამიფაროს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, „აწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაზე“. მინისტრის თქმით, მსგავსი კითხვის დასმა დაუშვებელია.

„რას ნიშნავს, რომ ხელს აწერთ ვინმეს მკვლელობაზე? ერთი ფაქტი მაინც თქვით. სტრასბურგის სასამართლომ რა მოუწოდა [მიხეილ სააკაშვილს]? – მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ნახეთ, მან შეწყვიტა შიმშილობა? თქვენ შეკითხვას სვამთ, რომ ხელს აწერთ მკვლელობას? – არავის მკვლელობაზე ხელს არ ვაწერ. ღმერთმა დამიფაროს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი მსგავსი შეკითხვის დასმა. ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად.

თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს, პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი.

რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში… ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური – ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამას გვავალებს ჩვენ მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა.

თქვენ ხელს აწერთ მკვლელობას? – ამ შეკითხვის დასმა არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენ ყველა დონეზე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ დაუდასტურდა კორონავირუსი.

„ჯანმრთელობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. ამიტომ ექიმებს უნდა მივცეთ ჩვენ ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა… რადგან ესოდენ საინტერესო გახდა თითოეული დეტალი, რომელიც შეეხება ჯანმრთელობას, სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ პროაქტიულ რეჟიმში გააკეთებენ განცხადებებს ექიმები პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

___

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 46 დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მოწოდებისა, რომ სააკაშვილი გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს აღნიშნულზე და ირწმუნება, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით კი ეს ასე არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: