მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვიდეოები უცხო ენაზე და მეტყველების შეფერხება ბავშვებში – ინტერვიუ ლოგოპედთან

12.11.2021 • 1911
ვიდეოები უცხო ენაზე და მეტყველების შეფერხება ბავშვებში – ინტერვიუ ლოგოპედთან

მიიჩნევა, რომ ენის, მათ შორის უცხო ენის შესწავლისთვის ბავშვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი წლინახევრიდან ცხრა წლამდე ასაკია, პატარები საკმაოდ მარტივად იმახსოვრებენ უცხოურ სიტყვებსა და ფრაზებს იმ ვიდეოებიდან და ინტერნეტ-შოუებიდან, რომელთაც ყოველდღიურად უყურებენ მობილურებსა თუ პლანშეტებში – ამბობს  სარეაბილიტაციო ცენტრი „ჯიქის“ ბავშვთა ლოგოპედი მაცაცო ლომთათიძე.

იგი განმარტავს, რომ ასეთი პრაქტიკა საზიანო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მშობლიური ენა აქვს გამართული, ანუ ვითარდება ასაკის შესაბამისად და ლექსიკური მარაგიც შესაბამისი აქვს, შეუძლია აწარმოოს დიალოგი და ა.შ. იმ ბავშვებთან კი, რომელთაც გარკვეული შეფერხებები აქვთ მეტყველების განვითარებაში, სასურველია შეიზღუდოს მსგავსი კონტენტის მოსმენა.

  • ქალბატონო მაცაცო, როდის არის პრობლემური უცხოურენოვანი ვიდეოები ბავშვებისთვის?

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს მშობლიური ენა, როგორ მეტყველებს, როგორ ესმის გამართული მეტყველება, როგორც ექსპრესიული, ისე იმპრესიული. თუ ამ მხრივ რაიმე შეფერხება არის, ეს აუცილებლად ტოვებს თავის კვალს, აისახება ქცევაზე.

საქმე ის არის, რომ პირველ რიგში მეტყველება ვითარდება ცოცხალი კომუნიკაციით. თუ ბავშვი ეკრანზეა დამოკიდებული და მას აქვს მეტყველების შეფერხება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ახდენს ცუდ გავლენას, რაც შემდეგ ქმნის პრობლემებს სკოლაში აკადემიური უნარების განვითარების მხრივ, წერის, კითხვისა და გაგების უნარების განვითარებაში, რადგან ჯერ არ არის მშობლიური ენა განვითარებული ტიპიურად, ანუ ისე, როგორც უნდა იყოს ასაკის შესაბამისად.

ეკრანიდან ნასწავლი სიტყვები რჩება მხოლოდ  გამომსახველობით სტიმულებად, მათ გამოყენებას ბავშვი ვერ ახერხებს ცოცხალი კომუნიკაციისას, ანუ ვერ იყენებს  მიზანმიმართულად და მსგავსი პრობლემები იჩენს თავს.

  • რა ხდება მაშინ როცა ბავშვი ორენოვან ოჯახში იზრდება?

მაცაცო ლომთათიძე

ოჯახები, სადაც ორი ენა ესმის ბავშვს, ე.წ. ბილინგუალი ბავშვები, უფრო ბუნებრივ გარემოში სწავლობენ ყველაფერს, სიტყვების მნიშვნელობას უკეთ იგებენ და შესაბამისად, იყენებენ  უფრო მიზანმიმართულად, ვიდრე ეკრანიდან, მულტფილმებიდან ნასწავლ უცხოურ სიტყვებს.

ზოგადად მიიჩნევა, რომ უცხო ენის შესასწავლად და ზოგადად, ენის შესწავლისთვის ხელსაყრელი ასაკი არის წლინახევრიდან ცხრა წლამდე, მაგრამ მეორე ენის დამატება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ერთი, მშობლიური ენა არის გამართული და ვითარდება ტიპიურად, ანუ ლექსიკური მარაგიც ასაკის შესაბამისია, მიმართულ მეტყველებას იგებს და განვითარებული აქვს რეცეპტული ენაც, ანუ შეუძლია დიალოგის წარმოება და ა.შ.

ისე კი, როცა უკვე მეტყველება განვითარდება მშობლიურ ენაზე, 4-5 წლის ასაკიდან უფრო მიზანშეწონილია დავიწყოთ მეორე ენის სწავლება.

შესაძლებელია 3-4 წლის ასაკში ტიპიური განვითარების ბავშვი ფლობდეს ორ ან სამ ენას, თუ ოჯახშიც არის უცხო ენაზე მოლაპარაკე წევრი და თუნდაც ეკრანიდან ისწავლოს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ერთი, მშობლიური ენის განვითარებას, მას კარგად უნდა ესმოდეს მიმართვა, შეეძლოს დიალოგის გაბმა, კითხვების დასმა და ა.შ.

  • კონკრეტულად როგორ გამოიხატება უცხოენოვანი ვიდეოების ზემოქმედება ბავშვის მეტყველებაზე?

ჩემი პრაქტიკიდან რაც ჩანს, ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ბავშვები არიან იმ მულტფილმების გარემოში და „საუბრობენ“ ზღაპრის გმირების ხმებით, ინტონაციებით. საუბარი ბრჭყალებში იმიტომ, რომ ეს არ არის რეალურად საუბარი, რადგან კომუნიკაციას კი არ ამყარებენ, უბრალოდ თავიანთ სამყაროში არიან და იმეორებენ ამ სიტყვებს არამიზანმიმართულად.

ეს რატომღაც ახარებთ დღეს მშობლებს, მაგრამ ბავშვებთან, რომელთაც მეტყველებაში გარკვეული შეფერხებები აქვთ, პრიორიტეტი უნდა იყოს ჯერ მშობლიური ენა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია მეორე ენის ჩართვა.

  • როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ბავშვს მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს?

ეს არის კონტაქტის ნაკლებობა, როცა ბავშვი არ გვაქცევს ყურადღებას.

მშობელს ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ ბავშვს არ უნდა და ამიტომ არ იხედება, მაგრამ რეალურად ყურადღების დეფიციტი ერთ-ერთი საკმაოდ საყურადღებო მომენტია.

ასევე, როცა სასურველის მოთხოვნა ხდება მითითების გარეშე, ანუ სასურველისკენ არ მიაქვს ხელი, არც მიგითითებს და ცდილობ შენ თვითონ გამოიცნო რა უნდა; როცა ხმაურზე, ბგერით სიგნალებზე არ აქვს რეაგირება, სახელზე არ რეაგირებს – ესეც დასაფიქრებელი მომენტებია.

ადრეული ასაკი არის ყველაზე ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. წლინახევრის პერიოდში, როდესაც ბავშვი დედასთანაა, მას აკვირდება მშობელი და მის  ყურადღებაზეა ეს დამოკიდებული.

შემდეგ ამის პრევენცია ხდება საბავშვო ბაღში, სადაც უკვე არიან ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, სპეცპედაგოგები და ისინი ახდენენ ადრეული ასაკიდანვე პრევენციას და საჭირო შემთხვევაში გადამისამართებას.

ადრეულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სამეტყველო აპარატი 6 წლამდე ყალიბდება. ეს არის ოქროს პერიოდი – სამიდან 6 წლამდე, როდესაც ხდება ბავშვის სამეტყველო აპარატის ჩამოყალიბება. თუ ამ ასაკში მოხდა რეაბილიტირება, ჩართვა და მუშაობა ბავშვთან, ეს აუცილებლად იქნება შედეგიანი. ცხადია, თუ მხოლოდ მეტყველების დარღვევაა და არა რაიმე სხვა მენტალური პრობლემა, რაც მოითხოვს სხვა სპეციალისტების ჩარევას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: