მთავარი,სიახლეები

“რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ” – სააკაშვილი გლუკოზას აბებზეც უარს ამბობს

06.11.2021 • 1831
“რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ” – სააკაშვილი გლუკოზას აბებზეც უარს ამბობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ უარს აცხადებს შიმშილობის პროტოკოლში შემავალი  ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებზე, ვიტამინებსა და გლუკოზის აბებზე.

„მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას: ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ამას არ გამოუწვევია კვების შეფერხება.

30 ოქტომბრის შემდეგ, მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.

დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი უსირცხვილო სპეკულაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას მაყენებს, უარს ვაცხადებ შიმშილობის პროტოკოლში შემავალი  ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებსა და ვიტამინებზე, გლუკოზის აბებზე.

ვერ მოგატყუებთ, ჩემი მდგომარეობა, ჩემი შეგრძნებით, მკვეთრად გაუარესდა და, ვფიქრობ, მალე მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება. ახლა მე ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ჩემი სამშობლოს პატრიოტების სოლიდარობის, ადამიანურობის ჰუმანურობის და  და მოქალაქეობრივი პოზიციის,“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს, საქართველოში ჩამოსვლამდე ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, “პრაიმთაიმმა” გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კი გუშინ, 5 ნოემბერს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს.

მთავარი ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: