მთავარი,სიახლეები

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრებმა „ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირეს

19.10.2021 • 2671
ბათუმის ახალი საკრებულოს წევრებმა „ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირეს

ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრებმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართული ოცნების“ ფინანსური გაძლიერება გადაწყვიტეს. რამდენიმე მათგანმა პარტიას 5 -10 ათასი ლარი შესწირა.

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება, ამომრჩეველმა არჩევანი „ოცნების“ ან „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

„ქართული ოცნების“ სახელით არჩილ ჩიქოვანი იბრძვის, ხოლო ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი გიორგი კირთაძეა.

2021 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს შვიდმა წევრმა „ოცნებას“ ჯამში 45 000 ლარი შესწირა. მათ შორის პარტიას 5000 ლარი შესწირა ასლან ბალაძემ – ის „ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. შესაბამისად, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია. ასლან ბალაძე ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორია.

„ოცნებას“ 5000 ლარი შესწირა გიორგი ლომთათიძემაც. მან ძველი ბათუმის მაჟორიტარული ოლქი მოიგო და საკრებულოს წევრი გახდა.

„ოცნებას“ 5000  ლარი შესწირა ასევე თენგიზ აფხაზავამ, ის ბათუმის ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს და „ოცნების“ სიაში მეთერთმეტე ნომერი იყო.

მომავალი საკრებულოს მაჟორიტარია ბიზნესმენ ნუკრი დოლიძის შვილი ლევან დოლიძე. მან „ოცნებას“ 5000 ლარი შესწირა.

5000 ლარი შესწირა პარტიას ასევე გოჩა მგელაძემ, ისიც საკრებულოს მაჟორიტარი და ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა.

„ოცნებას“ 10-10 ათასი ლარი შესწირეს მომავალი საკრებულოს წევრებმა – ნერიმან ცინცაძემ და დავით მახარაძემ. ორივე მათგანი მოქმედი საკრებულოს წევრია. დავით მახარაძე ბოლო პერიოდში მოქმედი საკრებულოს იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა, ხოლო ნერიმან ცინძაძე საკრებულოს რიგითი წევრია ასევე „ოცნების“ უმრავლესობიდან. ისინი „ოცნების“ სიით მომავალ საკრებულოშიც მოხვდნენ.

სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, მეორე ტურისთვის „ოცნებას“  მნიშვნელოვანი შემოწირულობა არ მიუღია. აუდიტისთვის წარდგენილი შუალედური ანგარიშის მიხედვით, „ოცნებამ“ პირველი ტურისთვის ჯამში 8 მილიონ 287 870 ლარი მიიღო. აქედან 7 მილიონ 837 030 ლარი შემოწირულობა, ხოლო 428 335 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია. დარჩენილი 22 505 ლარი კი მიუთითეს, როგორც – სხვა შემოსავლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: