სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

19.10.2021 • 2234
როგორ ვიზრუნოთ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე – ექიმის რჩევები

დენტალური კარიესი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იწვევს ტკივილსა და ინფექციებს, რის შედეგადაც შესაძლოა კვებასთან და საუბართან დაკავშირებული პრობლემებიც განვითარდეს. ოჯახის ექიმი თამარ ლომთაძე ამბობს, რომ ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დავიწყოთ, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება.

  • ქალბატონო თამარ, პირველი კბილების ამოჭრის დროს რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა იწყება პირველი კბილის ამოჭრისთანავე, რაც უკვე წინაპირობაა ჯანსაღი პირის ღრუსი და ჯანმრთელი კბილების ამოსვლის. საამისოდ არსებობს სპეციალური რეზინის ჯაგრისები, შესაძლებელია მშობელმა ძალიან მარტივად, თუნდაც თითზე დაიხვიოს დოლბანდი და წრიული, ნაზი მოძრაობით ფრთხილად გაწმინდოს კბილი. ამავე დროს გარკვეულწილად ღრძილის მასაჟიც გამოდის და ეს ბავშვებს სიამოვნებთ ხოლმე.

როცა უკვე ეტაპობრივად ამოიჭრება დანარჩენი კბილები, აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან, ეს პირველ რიგში კარგია იმიტომ, რომ ბავშვი ეჩვევა ამ გარემოს და შემდგომ, როდესაც უკვე სტომატოლოგის ჩარევა და მანიპულაციები დასჭირდება, ფაქტობრივად, შიშის ფაქტორი მოხსნილი აქვს.

ბავშვმა ჰიგიენური ჩვევები პირველ წლებში უნდა გამოიმუშაოს მშობლის კონტროლით. შემდგომ უკვე აუცილებელია ყოველ 6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი, პირის ღრუს დათვალიერება, პირის ღრუს გაჯანსაღება და საჭიროების შემთხვევაში სტომატოლოგის ჩარევა, იქნება ეს კარიესი, ექსტრაქცია თუ სხვა.  ეს კონსულტაცია არის პირველი რგოლი, რომლის შემდგომ უკვე ხდება დაგეგმარება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება კონკრეტულ ექიმთან.

  • რამდენად დროულად მიმართავენ მშობლები ბავშვთა სტომატოლოგებს?

ეს ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება. ბავშვებს სამი წლის ასაკში ზოგადად სარძევე თანკბილვა უკვე ჩამოყალიბებული აქვთ და ძალიან ხშირია სამი წლის ასაკში მრავლობითი კარიესი. ეს, პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაუცველობაზე მიუთითებს და ამავე დროს, როდესაც კარიესი მრავლობითია და სისტემურად არის პირის ღრუში, უკვე ეჭვი ჩნდება ორგანიზმში მიმდინარე სხვა სისტემური დაავადებების არსებობაზე.

კარიესის განვითარებისას რაც უფრო ადრე აღმოაჩენს მას სტომატოლოგი,  მით უფრო მარტივი პროცედურაა, მით  უფრო ცოტა დრო სჭირდება და ბავშვისთვის უფრო ადვილად გადალახვადი დაბრკოლებაა. როდესაც უკვე  კარიესული ღრუ დიდია და გვირგვინოვანი ნაწილი დაშლილია, სამწუხაროდ ხშირად გვიწევს პაციენტის გადამისამართება ქირურგთან, სადაც ხდება კბილის ექსტრაქცია (ამოღება), რაც შემდგომ, თავის მხრივ, გამოიწვევს სხვა გართულებებს, თანკბილვის ანომალიებს და პრობლემა უკვე ორთოდონტული სტომატოლოგიის სფეროც ხდება.

  • რას მოიცავს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა?

როცა პირის ღრუში ამოიჭრება კბილი, უნდა დავიწყოთ ჰიგიენის ნორმების დაცვა, რაც პირველ წლებში აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა.

დილით და საღამოს კბილების წმენდა არის აუცილებელი პირობა.

ასევე, დღის განმავლობაში აუცილებელია ბავშვმა მიიღოს მყარი საკვები,  მაგალითად, სტაფილო და ვაშლი კბილების თვითწმენდისთვის. ეს არის ჰიგიენის აუცილებელი პირობები, რაც უნდა დავიცვათ. რეკომენდებული და აუცილებელია 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევა.

ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან ინდივიდუალურია, ზოგიერთი მშობელი კარგად იცავს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის წესებს, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ისეც, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოდიან.

  • რა მნიშვნელობა აქვს მყარი საკვების მიღებას ბავშვის კბილებისთვის?

ზოგადად, დაბლენდერებული, იგივე თხევადი საკვების ხანგრძლივი გამოყენება პირველ რიგში აუარესებს ჰიგიენურ ნორმებს. გარდა ამისა, ხდება საღეჭი, მიმიკური კუნთების მოდუნება, მისი ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც ვითარდება ე.წ. ზარმაცი ღეჭვა. ეს გამოიხატება  ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციით. ამიტომ აუცილებელია  თხევადი საკვების დროულად ჩანაცვლება  მყარი საკვებით.

  • რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა ტკბილეული?

0-3 წლამდე ასაკში, როცა ძილის დროს ბავშვს ბოთლით აძლევენ ტკბილ სითხეებს, მაგალითად, ჩაისა თუ კომპოტებს, ჩნდება ე.წ. ბოთლის კარიესი, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია, რადგან ფრონტალურ მიდამოში ვითარდება.

ტკბილს მთლიანად ვერ ავუკრძალავთ ბავშვს, მაგრამ მისი მიღება უნდა იყოს შეზღუდული. მაგალითად, სამ წლამდე, მე როგორც ექიმს, საერთოდ არ მიმიცია შოკოლადი და საწუწნი კანფეტები ბავშვისთვის. არ არის რეკომენდებული, ამით ზიანს ვაყენებთ მათ ჯანმრთელობას.  შემდეგ ცოტ-ცოტა, განსაზღვრული დოზით შეგვიძლია მივცეთ, მთავარია, დასაწყისშივე ჯანსაღი პირის ღრუ ჩამოვაყალიბოთ.

  • კარიესის პრევენცია როგორია?

გარდა ჰიგიენის ნომრების დაცვისა, არსებობს კარიესის პრევენციული ზომა – ჰერმეტიზაცია.

როდესაც პირველი მოლარი ანუ პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება, ხშირად მშობლები ამ კბილს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ, რომ ეს სარძევე კბილია და მის ადგილას ახალი კბილი ამოვა (პირველი მუდმივი მოლარების ამოჭრა ხდება 6-7 წლის ასაკში). შემდგომში, როცა უკვე კბილის ტკივილით 8-9 წლის ასაკში მიჰყავთ ბავშვი სტომატოლოგთან, კბილი შესაძლოა ისეთი დაზიანებული იყოს, დაშლილი გვირგვინოვანი ნაწილით, პერიოდონტის ქსოვილში ანთებითი პროცესით, რომ სამწუხაროდ ვეღარ შევინარჩუნოთ და მუდმივი კბილის ექსტრაქცია გახდეს საჭირო.

ამის პრევენციისთვის ჰერმეტიზაციასაც მივმართავთ. ამ დროს კბილის საღეჭ ზედაპირზე არსებულ ფისურებში/ღრუებში ხდება გამჭვირვალე მასის ჩაღვრა, რომელიც ერთი ან ორი წლით  იცავს კბილს. ამ სიღრმეების ხელოვნურად ამოვსებისას იქ აღარ ხვდება მავნე ბაქტერიები და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები ვეღარ ახდენენ მავნე ზეგავლენას, შესაბამისად ხდება კარიესის პრევენცია. შემდგომ განმეორებით ტარდება ჰერმეტიზაცია და კონტროლდება სტომატოლოგის მიერ.

ჰერმეტიზაციისთვის კბილი უნდა იყოს ჯანსაღი, ამიტომ კბილი უნდა შეაფასოს ექიმმა და დაადგინოს. ხომ არ აღინიშნება კარიესული დაზიანება.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ კარიესის განვითარებას აქვს თავისი სტადიები. ამიტომ დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან კარიესის ღრმად განვითარებამ შეიძლება ფუნქციონალური ცვლილებები გამოიწვიოს – დაირღვეს ღეჭვის ფუნქცია, რომელსაც უკვე სხვა სახის დარღვევებთან მივყავართ და სხვა სპეციფიკის ექიმის ჩართულობა ხდება საჭირო.

 

„ხუთიდან დაახლოებით ერთ ბავშვს (20%) 5-11 წლის ასაკში სულ ცოტა ერთი კარიესი მაინც აქვს. დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან 5-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებს ორჯერ მეტი ალბათობა აქვთ (25%), რომ ჰქონდეთ კარიესი, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებთან შედარებით (11%)“ – აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: