ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს

16.10.2021
ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომისთვის ბათუმი დახარჯავს არა 9, არამედ 15 მილიონს

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის, იპოდრომისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 9,7 მილიონი ლარის ნაცვლად 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი, 15 985 599 ლარით, ხელახლა გამოაცხადა.

წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა თითქმის 6 მილიონი ლარით ნაკლები –  9 723 999 ლარი იყო, იმ მიზეზით არ შედგა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ახალი ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო კომისიის 2021 წლის 15 ოქტომბრის ოქმში ვკითხულობთ, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ბაზრის კვლევა ჩატარებულია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით… მოთხოვნა გაგზავნილ იქნა სამ პოტენციურ მიმწოდებელთან და კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამივე მიმწოდებელმა, რის საფუძველზეც განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [15 985 599 ლარი]“.

ჩატარდა თუ არა ბაზრის კვლევა წინა ტენდერის შემთხვევაში, როცა კომისიამ სატენდერო თანხა 9 723 999 ლარით განსაზღვრა, დოკუმენტების მიხედვით არ ჩანს.

სატენდერო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის ოქმში ბაზრის კვლევაზე არაფერი წერია. მეტიც, ოქმი ისეა შედგენილი, რომ დოკუმენტის მიხედვით, დღის წესრიგი ანუ კომისიის განხილვის საგანი „სადარბაზოებში კარისა და ელექტრონული საკეტების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის  სატენდერო პირობების დამტკიცება“ ყოფილა. დოკუმენტზე კი, კომისიის წევრებს ხელი ისე მოუწერიათ, რომ ამ, სავარაუდოდ, ტექნიკური უზუსტობისთვის, ყურადღება არავის მიუქცევია. ეს ოქმი დღემდეა ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე.

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმები / წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალი

ახალი ტენდერის მიხედვით, შეცვლილია ტექნიკური დავალებაც.

წინა ტენდერით დავალება მოიცავდა:

1. ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის“ იპოდრომის მოწყობას;
2. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარისათვის ტერიტორიების მოწყობას:
3. შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ ადმინისტრაციული შენობებისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
4. შპს „სანდასუფთავებისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
5. ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას;
6. „აჭარის წყლის ალიანსისთვის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასაწყობე ტერიტორიების მოწყობას;
7. დარჩენილ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განთავსებას.

ახალი ტექნიკური დავალების მიხედვით კი, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

1. ა(ა)იპ „ბათუმის საცხენესნო კლუბისთვის“ იპოდრომის მოწყობა;
2. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისთვის ტერიტორიების მოწყობა;
3. დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს რეკრეაციული ზონა.

ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი ჩაქვში – გენგეგმა – სატენდერო დოკუმენტებიდან

ტენდერში გამარჯვებულმა, პირობის მიხედვით, ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში Design-Build მეთოდით უნდა უზრუნველყოს სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობების დეტალური პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც ვადად 2021-დან 2024 წლის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 31 ოქტომბერს დაიწყება და 5 ნოემბერს დასრულდება.

წინა ტენდერი, რომელიც არ შედგა, 2021 წლის აგვისტოში დასრულდა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/355477/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: