არჩევნები,მთავარი,სიახლეები

მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

30.09.2021 • 2494
მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.

როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის მიზანია ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების მუშაობას.

ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის მოპარვა, საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას. იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა, ამომრჩევლის აქტივობების შესამცირებლად. რადიკალური ოპოზიციის კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება“, – ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. „მაგალითად, ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა.

იმისთვის, რომ ეს რეალური ინფორმაციაა, გეტყვით საარჩევნო უბნების ნომრებს: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, მე-20, 28-ე, 27-ე, 102-ე და 103-ე უბნები. საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის ბრიფინგს ბათუმში გიორგი კირთაძე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მდინარაძემ ან ფაქტები და დოკუმენტები წარმოადგინოს, ან „შეეშვას ჭორაობას“.

„მდინარაძე მაბრალებს, რომ ბათუმში 20 უბნის ჩაშლას პირადად ვხელმძღვანელობ და მე ვაორგანიზებ. „ოცნების“ შიდა კვლევების შესახებ ინფორმაცია გვაქვს ჩვენც, ზუსტად იციან, რომ ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან და მერის არჩევნებში პირველივე ტურში დაასრულებენ ბრძოლას. ამასთან იმ სიძულვილის ბანერებს, რომლებიც ბათუმში გამოგვიკრეს, ყველამ კარგად ნახა, რომ უკუეფექტი ჰქონდა მათთვის – და მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა. ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა დღეს მდინარაძე.

ჩვენ გუშინ გავასაჯაროეთ მათი ოფისის ინფორმაცია, როგორ უზით ოფისში შსს-ს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, კომისიის თავმჯდომარეები და სამაგიდო სიებს როგორ გადიან სათითაოდ იმის გამო, რომ ვინ ვისთან შეიძლება მივიდეს ზეწოლისთვის. პირდაპირ შსს და კრიმინალური ავტორიტეტები ერთად ჰყავთ ჩართული უბნებში სიტუაციის დასალაგებლად. ეს ფოტოკადრები კი არ არის მხოლოდ. შესაბამისი ოქმები გავასაჯაროეთ ჩვენ, რომელიც მათივე წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს“, – აცხადებს კირთაძე.

___

ამავე თემაზე:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჭარაში.

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

გადაბეჭდვის წესი


ასევე: