მთავარი,სიახლეები

ეპიდემიის დროს გამდიდრებულები – რას წერდა 2 საუკუნის წინ პრესა

25.08.2021 • 2297
ეპიდემიის დროს გამდიდრებულები – რას წერდა 2 საუკუნის წინ პრესა

სიცილი, როგორც რთულ სიტუაციაში თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმი არც მეცხრამეტე საუკუნის ადამიანებისთვის იყო უცხო, მაშინაც კი, როცა ეპიდემიები მძვინვარებდა და მძიმე დრო იდგა.

კორონავირუსთან დაკავშირებული ხუმრობები უსწრაფესად ვრცელდება სოცქსელების საშუალებით და ამ ტიპის ინფორმაციაზე ყველას მიუწვდება ხელი. რით შეეძლოთ ყურადღების გადატანა, ოდნავ რეალობის დავიწყება და სიცილით სტრესისგან თავდაცვა წარსულში, შემოინახა მხოლოდ ძველმა პრესამ, არქივებმა, წიგნებმა, სიმღერებმა და ა.შ.

სატირული პრესის მთავარი თემა ხშირად იყო მეცხრამეტე საუკუნეში ეპიდემიები. ფრანგული გამოცემა „Le Charivari“ სწორედ ამ დროსაა განსაკუთრებით აქტიური: 1832-1870 წლებში, როცა ქოლერასა და გრიპის ეპიდემიები იყო ევროპაში.

ომნიბუსი გრიპის დროს / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ამონარიდები ეპიდემიებისდროინდელი ფრანგული პრესიდან საინტერესოა იმით, რომ დღემდე აქტუალურია და ჩვენთვის ნაცნობ თემებსაც ეხება – ხშირად იგივე პრობლემები და კითხვებია წამოჭრილი, რაც დღემდე გვაწუხებს და გვაინტერესებს.

მე-19 საუკუნეში გამოცემა „sharivari” ირონიულად წერს ადამიანებზე, რომლებიც ეპიდემიით სპეკულირებენ და მდიდრდებიან. ასეთები იყვნენ, მაგალითად, სხვადასხვა ნივთის გამყიდველები, რომლებიც გაზეთის კარიკატურებზე სასწაულმოქმედი საშუალებებით მოვაჭრეებად იყვნენ წარმოდგენილები, ისინი განსაკუთრებით გულუბრყვილო და მიმნდობი მოქალაქეების გაცურებას ახერხებდნენ.

1837 წელს საფრანგეთში, მაგალითად, გამოჩნდა „არაჩვეულებრივი საპონი“, რომელიც მწარმოებლებმა „გრიპიოდად“ მონათლეს. იყო ასევე საპონი სახელად „ქოლერიოდი“, რომლის შემქმნელებიც ირწმუნებოდნენ, რომ პირველით ხელ-პირის დაბანა გრიპისგან იცავდა ადამიანს, მეორე კი ქოლერის საპრევენციო საშუალება იყო.

„ყოველი გამყიდველი ცდილობს ნებისმიერ პროდუქტს გრიპისგან დამცავი საშუალების თვისებები მიაწეროს ეტიკეტზე“, – წერენ იმდროინდელ პრესაში აღშფოთებული რეპორტიორები.

ფარმაცევტის ჯიხური 1948 წლის იანვარში: – რიგი დაიცავით ბატონებო, რიგი დაიცავით. / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

1849 წლის პრესა ირონიულად წერს ხალხზე, ვინც რესტორნებს მიაწყდა. რესტორატორის მიერ გავრცელებული ხმების მიხედვით, პროვანსალური ლოკოკინა ქოლერისგან დამცავი საშუალება იყო. რესტორნები ნიშნად გულუხვობისა, სტუმრებს უფასოდ სთავაზობდნენ ლოკოკინებს, თუმცა გარნირს ჰყიდდნენ ძალიან ძვირად და მათი კომერციული ხრიკიც ეს იყო.

სატირულ გამოცემაში „Charivari“ ქვეყნდებოდა სხვა ასეთივე პროდუქტების შესახებაც, რასაც ქოლერისგან დამცავ თვისებებს უადგილოდ მიაწერდნენ:

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

1840 წელს ქოლერისგან თავდასაცავად ფრანგი ბურჟუები მიწისქვეშა თავშესაფრებს იშენებდნენ. ასე გაჩნდა იმ დროს პრივილეგირებულთათვის განკუთვნილი მდიდრული მიწისქვეშა პარიზი.

სატირულ პრესაში ეს მოვლენაც არაერთხელ იყო გაშარჟებული კარიკატურებით და სტატიებით.

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

იყო ასეთი ექიმიც გვარად დევერჟი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ძვირადღირებული სოკო ტრიუფელი საუკეთესო საშუალება იყოს ქოლერისგან განსაკურნად და საპრევენციოდ. რესტორნებში ტევა აღარ იყო, ხალხი სხვადასხვა კერძს უკვეთავდა ტრიუფელის თანხლებით. ეს ექიმი ტრიუფელის დისტილირებული წყლით მკურნალობდა ქოლერით დაავადებულებს. თუმცა საფრანგეთის მედიცინის აკადემიამ მითი ტრიუფელის სამკურნალო თვისებებზე მალევე გააცამტვერა.

1851 წელს პრესა პარალელებს ავლებდა პოლიტიკურ სიტუაციასა და სამყაროს დასასრულს შორის, რაც ქოლერას უკავშირდებოდა, ეპიდემიას, რომელიც თანაბრად ვრცელდებოდა ადამიანებსა და ცხოველებს შორის, ასნებოვნებდა ხილსა და ბოსტნეულს.

მოსახლეობის ერთი ნაწილი საფრანგეთში ფიქრობდა, რომ ქოლერა სოკოვანი დაავადება იყო, ზოგს მიაჩნდა, რომ დაინფიცირებისას მწერი სახლდებოდა სხეულში.

XIX საუკუნის პრესა არ ერიდებოდა ირონიულად ეწერა ერთი შეხედვით ფილანტროპულ ინიციატივებზეც. 1837 წლის 8 სექტემბრის გამოცემაში მაგალითად წერია, რომ როცა ქოლერა მოედო პარიზის მჭიდროდ დასახლებულ უბნებს, ეპიდემიის სახალხო ფონდის წარმომადგენლები ამ დროს, მოსახლეობას, ვისაც ნაჭერი პური და გახვრეტილი ფეხსაცმელიც კი არ ებადა, მოუწოდებდნენ ქოლერისგან თავდასაცავად ჩაეცვათ თბილად, ეტარებინათ სარჩულიანი ფეხსაცმელი კარგი ძირით, ჩაეცვათ ელბეფის ფირმის ნაჭრისგან შეკერილი სამოსი, ეჭამათ ნოყიერი კერძები და დაელიათ მხოლოდ ძვირფასი ღვინო.

ქოლერასა და გრიპის ეპიდემიებისას პრესა ხშირად უსვამს ხაზს ძნელბედობისას სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, თუმცა ხშირადაა აღნიშნული ისიც, რომ ავადობისგან არავინაა დაზღვეული და ყველას თანაბრად ემუქრება საფრთხე.

1851 წელს, მაგალითად, ლუი იუარმა გარისკა და პირველმა აცნობა საზოგადოებას საფრანგეთის ეროვნული კრების პრეზიდენტის, მესიე დიუპენის გრიპის შესახებ: „ვეღარ დაგიმალავთ, პრეზიდენტს ომნიბუსის მძღოლივით შეეყარა გრიპი, ვირუსი აღარავის ინდობს“.

„გრიპით მაღალ პოზიციებზე მყოფი პერსონებიც ინფიცირდებიან” / წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

გრიპზე კარიკატურებს ფრანგულ პრესაში ვხვდებით მწვავე ეპიდემიების დროსაც კი, როცა სიკვდილიანობა პიკს აღწევს. ამ ერთი შეხედვით იუმორისტული გამოსახულებების მიზანია მიანიშნოს საზოგადოებას აუცილებლად დასაწესებელი მკაცრი რეგულაციების შესახებ იმ პირობებში, როცა მოქალაქეები არ ერიდებიან თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებას, შოუს გამართვას, ხვდებიან ერთმანეთს ოჯახებით და ერთად აცემინებენ, დაინფიცირებულები კი განაგრძობენ სამსახურებში სიარულს და მუშაობას:

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

ერთ-ერთი კარიკატურის მიხედვით, ქვეყანაში იმდენადაა გრიპის ვირუსი გავრცელებული, რომ ნაცვლად შეკითხვისა ,,როგორ ხარ“ ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან „როგორ აცემინებ?“ პასუხიც შესაბამისია: ,,გმადლობთ, მშვენივრად ვაცემინებ, თავად როგორ?“.

წყარო: საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა – Bibliothèque Nationale De France (BNF).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: