მთავარი,სიახლეები

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? 

19.08.2021
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? 

22 წლის ბექა თავართქილაძე თვენახევარია რაც ბეშუმში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებიც ზაფხულს აქ ატარებენ. ბექა ამბობს, რომ ისინიც და ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაბა ხულოში აიცრნენ, რადგან სხვაგან კოვიდზე ვაქცინაცია არ ტარდება.

გარდა იმისა, რომ ბეშუმში მოიალაღეები არიან საზაფხულოდ ასული, კურორტზე დამსვენებლებიც იმყოფებიან. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ისვენებს მთაში.

„გახსნილია ატრაქციონები, გასართობი ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა ქვეყანაში და ინფიცირების ტემპებიც ძალიან მაღალია, ადამიანები მაინც არ იცავენ უსაფრთხოების წესებს.

არც პირბადე უკეთიათ და არც დისტანციას იცავენ.

ბექა თავართქილაძე

წელს პანდემიის გამო შუამთობა არ ჩატარდა, თუმცა შუამთობის წინა პერიოდში ძალიან გავრცელდა ბეშუმში კოვიდი. არავინ არ აქცევს რეგულაციებს ყურადღებას“, – ამბობს ბექა თავართქილაძე.

მისი თქმით, ბეშუმში მხოლოდ ერთი პატარა აფთიაქი და ამბულატორიაა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

„ამასწინათ მეზობლის ბავშვი გახდა ცუდად, როცა გადასხმაზე მივიყვანე, იქ სხვა ბავშვი ჰყავდათ უკვე და მეორე ბავშვისთვის ადგილი აღარ იყო. ერთი საათი ხელში მეჭირა ბავშვი, სანამ გადასხმა დასრულდებოდა და ადგილი გათავისუფლდებოდა. შესაბამისი უწყებები არაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – ამბობს ბექა.

მისი თქმით, არც ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება მოსახლეობის ინფორმირება, არადა ანტივაქსერების გავლენით ბევრი ადამიანი თავს იკავებს ვაქცინაციისგან.

„ეშინიათ ახალგაზრდებსაც, როცა მე ავიცერი, მეკითხებოდნენ ალერგიაზე, უშვილობაზე, ეს მითები აფერხებს ადამიანებს. მე ვეუბნები, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს და უნდა ავიცრათ.

მოხუცებს უნდათ, რომ ოჯახის ექიმი მივიდეს და შეაფასოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად, ბებიაჩემმა ოპერაცია გაიკეთა და ვაქცინაციის ამის გამო ეშინია. ექიმი თუ დაელაპარაკება, დარწმუნებული ვარ, აიცრება. ჩემი ოჯახის სხვა წევრები ყველანი აცრილები ვართ.

ხალხის ნაწილი ნელ-ნელა, მაგრამ იაზრებს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, ნაწილს სჭირდება დარწმუნება. აქ ამ თემაზე ადამიანებს არავინ ელაპარაკება. ერთი „წითელი ჯვარი“ იყო ამოსული და სულ ეს იყო.

შარშან ბულვარში კარვები რომ დადგეს ტესტირებისთვის, კარგი იქნებოდა, ასეთი კარვები რომ გაეშალათ იაილებზეც და ადამიანები დატესტვასაც შეძლებდნენ და აცრასაც. ვინც ახლა მთაშია, ის ვერ ახერხებს კლინიკებში მისვლას. სად იარონ 80 წლის მოხუცებმა“, – ამბობს ბექა.

მისი თქმით, ადამიანები, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თვითიზოლაციაში არ რჩებიან და კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

„უამრავი ადამიანია ყველგან, მწვანე ტბაზე, საპიკნიკე ადგილებზე, ტყეში – ყველა გარეთაა გასული“, – ამბობს ბექა.

იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? – ვკითხეთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. აქ გვიპასუხეს, რომ კონკრეტულად კურორტ ბეშუმში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო და გამოვლინდა კოვიდის 5 შემთხვევა, ვაქცინაცია კი იალაღებზე ვერ მოხერხდება.

„იალაღებზე კურორტებისგან განსხვავებით ნაკლები მობილობაა, ამიტომ ჩვენ ტესტირებას ვატარებთ მხოლოდ ბეშუმში. სხვათა შორის, ორშაბათს ერთ-ერთი იალაღიდან იყო მოსული ცოლ-ქმარი ბეშუმში ტესტირებაზე და დაუდასტურდათ ვირუსი.

გვინდა, მოსახლეობა მოვიყვანოთ ასაცრელ ცენტრებში და ამისთვის მათ ყველა პირობა აქვთ. შეუძლიათ ნებისმიერ უბანში, მათ საცხოვრებელთან ახლოს მივიდნენ და აიცრან“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

კორონავირუსზე ტესტირება ბეშუმში ჩატარდება ორშაბათსა და პარასკევს, 12:00-დან 18:00 საათამდე ბეშუმის სამედიცინო ამბულატორიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: