მთავარი,სიახლეები

საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

18.08.2021
საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს.

„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა.

ბათუმის #79-ე  საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოლქი 10 დღის ვადაში განიხილავს საჩივრებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ოლქი დარღვევად მიიჩნევს ამ ფაქტს, მაშინ მმართველ პარტიას 2 ათასი ლარით დააჯარიმებენ.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება აკრძალულია. მათ შორის, იკრძალება კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

„ბათუმის წყალი“ კერძო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ის ბათუმის მერიის დაარსებულია და კომპანიის 100%-იან წილსაც ბათუმის მერია ფლობს. ბათუმის მერი ნიშნავს და ათავისუფლებს კომპანიის დირექტორსაც. „ბათუმის წყალი“ ნაწილობრივ ფინანსდება ბათუმის მერიისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ბიუჯეტიდან ანუ მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან გარკვეულ თანხას იღებს.

საქართველოში 2 ოქტომბერს ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ბათუმიც ირჩევს ახალ საკრებულოსა და მერს. დღეს მოქმედი საკრებულო და მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, პირდაპირ ზედამხედველობენ „ბათუმის წყალს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: