მთავარი,სიახლეები

რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

19.07.2021 • 2293
რა იკითხება ღარიბაშვილის განცხადებებში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ოცნება“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც დღეს, 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ადევნებდა თვალს და პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს – „როდის ტოვებთ თანამდებობას?“

პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის ადგილი დატოვა. მანამდე კი, მან კონკრეტული გზავნილები გააჟღერა, რაზეც, მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბრა.

რა ჩანს ღარიბაშვილის განცხადებებიდან? – „ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო კორნელი, რა ჩანდა დღეს ღარიბაშვილის განცხადებიდან, თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? 

სამწუხაროდ, არ მომისმენია პრემიერის კონფერენციაზე გამოსვლა, რაც შეეხება ჟურნალისტებთან განცხადებას, აქ აშკარად იგრძნობოდა დაძაბულობა.

როდესაც მედია გიპირისპირდება შენს ქვეყანაში, აშკარად წამგებიან სიტუაციაში ხარ. მნიშვნელოვანია, რა უთხრეს პრემიერს დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის დელეგაციამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეთანხმებასთან დაკავშირებით. ორ-სამ დღეში დავინახავთ ტონის მიხედვით, რამე შეცვალა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“. თუ არაფერი შეიცვალა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ღარიბაშვილს არც არაფერი გაუგია.

ორ ცეცხლს შორის არის ახლა „ქართული ოცნება“: მას უნდა, რომ ულტრაკონსერვატიული ჯგუფები არ გაანაწყენოს, რადგან არჩევნების მოგება არის რთული და ამ ჯგუფებს ეყრდნობა მომავალ არჩევნებზე და ამავდროულად, ღირებულებით ნაწილში უპირისპირდება დასავლეთს, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს არის სახიფათო კურსი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვართ უნგრეთი და პოლონეთი, რომ ორბანის მსგავსი რეჟიმი არსებობდეს. ევროკავშირი და ნატო არის გარკვეული წინააღმდეგობა ასეთი რეჟიმისთვის. ჩვენ კი, რუსეთის სამეზობლო ვართ და ეს კურსი ძალიან სახიფათოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს არის დილემა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ახლა „ქართული ოცნების“ იმ რადიკალურმა ფრთამ, რომელიც ახლაა ხელისუფლებაში.

  • ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან მიშელთან ისაუბრა იმაზე, რომ სტაბილურობის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, ასევე არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება და მართლმსაჯულების რეფორმა. თქვენი აზრით, რატომ არჩია პრემიერმა ამის ხაზგასმა? 

ბევრი მოსაზრება არსებობს, რომ მიშელთან შეხვედრის დროს იქნებოდა მწვავე საუბარი შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ამ თვალსაზრისით თავი მოიწონა, რომ ამაზე კი არ იყო საუბარი, ვითომ სხვა თემები იყო მნიშვნელოვანი და არავითარი კრიტიკა „ოცნების“ მისამართით დახურულ კარს მიღმა არ ყოფილა. ეს ძალიან საეჭვოა.

არ არის გამორიცხული, რომ ამ თემებზეც ილაპარაკეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რა თქვეს, მათ შორის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაზე. ამ საკითხების წინ წამოწევა მედიასთან პრემიერის მხრიდან იყო ტემპერატურის დაწევის მცდელობა.

  • მისი პათოსი რას ემსახურება, რომ ხელისუფლება ვალდებულებებს ასრულებს. დღესაც კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „გულმოდგინედ ვაგრძელებთ რეფორმებს“. 

ეს არის ისრების გადატანის მცდელობა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერმა იცის, რომ სადღაც ერთ-ორ კვირაზეა საუბარი, მერე ხალხი დასასვენებლად მიდის და ცდილობს, რაღაცნაირად კრიზისი განმუხტოს. სექტემბერში კაციშვილმა არ იცის, რა მოხდება, თანაც არჩევნები მოდის. ის ამ გზავნილით ესაუბრება მომხრეებსაც და აკრიტიკებს დასავლეთსაც. ახლა ამაზეც გადავიდნენ. ჩანს, რომ სიმართლის, კრიტიკის მიღება ძალიან უჭირთ.

  • კრიტიკის მიღების პრობლემაა, თუ ეს არის გზავნილი დასავლეთისთვისაც, რომ დასავლელი პარტნიორების შეფასება შესაძლოა მნიშვნელოვანი არ არის?  

ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის და არსებობს რისკი ღირებულებით კონფლიქტზე. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია უმცირესოებების უფლებების დაცვა და როცა შენ საწინააღმდეგოს აკეთებ, ერთგვარ სიგნალს აძლევ დასავლეთს. ასეთ პოლიტიკას ატარებს, მაგალითად, ორბანი და ის საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლშია. მაგრამ ასეთი სიტუაცია საქართველოში არ გამოვა, მით უმეტეს, როცა დასავლეთი გეხმარება 30 წლის განმავლობაში.

ერთადერთი, რის გამოც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, ეს იყო ის, რომ ქვეყანა გამოიყურებოდა, როგორც იმედისმომცემი დემოკრატია. დასავლეთმა შესაძლოა თვალი დახუჭოს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, არჩევნებზეც, მაგრამ ღირებულებით ნაწილშიც თუ პრობლემა გაქვს, ამას ასე ადვილად არავინ გაატარებს დასავლეთში. ამ დილემის წინაშეა ხელისუფლება, რომელსაც არჩევნები წინ აქვს და არავინ იცის, 43 პროცენტს აიღებს თუ ვერა.

  • იშელთან შეხვედრის შემდეგ ამბობდა დღეს ოპოზიცია, რომ ხელისუფლებას აწყობს „მიშელის შეთანხმების“ ჩაგდება, რადგან 43 პროცენტი ხმების მიღების პირობაც შესასრულებელი აღარ ექნებაო.

    კორნელი კაკაჩია

ესეც არ არის გამორიცხული. მოსამართლეებს რატომ ნიშნავენ ასეთ სწრაფ რეჟიმში? იციან, არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვონ, შემდეგ ქართულ პოლიტიკაში დაუწერელი კანონი – ვენდეტა იწყება. ამიტომაც უნდათ, რომ თავიანთი მოსამართლეები დატოვონ. ეს არის რეჟიმის გადარჩენის მცდელობა.

მერე ეს პარტია გადარჩება თუ არა საერთოდ, არავინ იცის. ამიტომაც მოგება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის. დასავლეთთან პრობლემური ურთიერთობების ფონზე ეს არის უკვე გზა ავტორიტარიზმისკენ. ღირებულებით ნაწილში დემოკრატიის უკუსვლა გაქვს, არც სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესებულა, მესამე ვადით ხარ მოსული და ახალს არაფერს აჟღერებ და რატომ უნდა იწვევდე ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის სიმპათიას?

  • ხომ არ ჩანს, რომ პრემიერს არც აღელვებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება? 

ეს ჩანს და ეს არის სახიფათო ყველაზე მეტად. გარკვეული როლი უნდა ითამაშოს „ოცნების“ ცოტათი ზომიერმა ფრთამ, თუ არის ასეთი საერთოდ დარჩენილი. თუ აზრზე არიან, რამე უნდა გააკეთონ. ამ კურსით რეალურად უფსკრულისკენ მიდის ხელისუფლება.

  • ქვეყანა?

ქვეყანაც გადაყვება. ოპოზიციის მხრიდან კიდევ გასაგებია, მაგრამ ხელისუფლება როდესაც თვითონ ხდება რადიკალიზაციის ნაწილი და შემჩნეულია რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას არავინ გაატარებს.

ევროკავშირი ძალიან დელიკატურად უდგება ამ საკითხს, მას არ სურს, რომელიმე მხარეს დადგეს, მაგრამ ახსენებს ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს.

ვიცით, რომ ეს შეთანხმება არ იყო იდეალური, მაგრამ ის იყო კომპრომისული ვარიანტი. მისი შესრულება ააცილებდა კრიზისს ქვეყანას, არჩევნებამდე მიიყვანდა და შემდეგ უკვე არჩევნების გზით საზოგადოება გადაწყვეტდა, რა როგორ უნდა ყოფილიყო. ამაზე ზრუნავს ახლა ევროკავშირი, რომ აიძულოს ხელისუფლება შეთანხმებით მიღწეული პირობები შესრულდეს.

თუ ეს შეთანხმება დაირღვა, გამოდის, რომ ფაქტობრივად ერთი თვე რჩება არჩევნებამდე. ვთანხმდებით, რომ ცესკოს მიმართ ნდობა ისევ პრობლემურია. თუ ამ არჩევნებს ისევ არ ენდობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მედია, რა რჩება?

  • რა რესურსი რჩება დღეს, რომ რუსულ ორბიტაზე არ აღმოვჩნდეთ? დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციაზე სამი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა – საქართველო, უკრაინა მოლდოვა. რამდენად გაიზარდა რისკები და მნიშვნელობა ამ კონფერენციის? 

სამი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი და მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს და ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესი ისევ მაღალია. მნიშვნელოვანია ახლა ის, რომ საერთოდ ევროკავშირის რადარებიდან არ დავიკარგოთ. ამ კონფერენციას დაესწრო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ეს იყო ხაზგასმა ამ ინტერესის.

ეს არის სიგნალი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით კი, რუსეთისთვის, რომ ევროკავშირი არ აპირებს ამ რეგიონის უყურადღებოდ მიტოვებას, რა შთაბეჭდილებაც დარჩა, მაგალითად, ყარაბაღის ომის შემდეგ, როცა დასავლეთი პრაქტიკულად გათიშული იყო რეგიონული პრობლემების მოგვარებისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: