მთავარი,სიახლეები

კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

17.07.2021
კელი დეგნანის პასუხის პასუხი საქართველოს ხელისუფლებას

დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ისევ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის ხელშეკრულება, როცა მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფარული კრიტიკა „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანზე“, რომელმაც აშშ-ის 19 ივლისის პოლიტიკური შეთანხმების შესრულებაზე დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა.

ქართველ პოლიტიკოსებს ამ კონტექსტში კელი დეგნანი არ უხსენებიათ.

დღეს ქართველმა ჟურნალისტებმა კელი დეგნანს ჰკითხეს, ვის შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს ხელისუფება „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში“, ვინც მოსამართლეების დანიშვნის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

ელჩმა თქვა:

„ამ საკითხზე [მოსამართლეების დანიშვნა] განმარტებისთვის ალბათ უნდა მიმართოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მე კი გეტყვით ერთს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის მოცემული, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს სანამ არ განხორციელდება ძალიან ფართო, ყოვლისმომცველი პროცესი, მსჯელობა რეფორმაზე და შემდგომ უკვე ამბიციური რეფორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა დანიშვნები. ეს არ ყოფილა პროცესი, რომელიც იყო მრავალპარტიული, ინკლუზიური და ფართო. შესაბამისად, არ განხორციელებულა სასამართლო სისტემის რეფორმა. სწორედ ამიტომ ეს დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დაწერილ ტექსტს. შესაბამისად, მე არ ვიცი თუ იყო რაიმე სიტყვიერი შეთანხმება. ნებისმიერი კარგი იურისტი იტყვის, რომ თუ ხელშეკრულებას აწერ ხელს, ეთანხმები იმ პირობებს, რაც მასში არის მოცემული, დაწერილი.

ჩემი მხრიდან კიდევ იმას ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და მას უთანამშრომლია ათასობით ქართველთან იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიის აღმშენებლობა და იმისათვის, რომ განვითარებულიყო მთელი რიგი მიმართულებები, როგორიც არის თავდაცვა, განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეკონომიკის განვითარება…

ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ კვლავ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა ბევრ ქართველთან, მათთან, ვინც იზიარებენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და განვითარებული“.

____

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ აშშ-ის სტრუქტურებს “ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერიების” გამო ინფორმაცია დამახინჯებულად მიეწოდებათ. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერების, ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ნახეთ ვრცლად:

https://netgazeti.ge/news/554658/

ნახეთ ვრცლად:

მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გახმიანებული კრიტიკის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ სასამართლოზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი სისტემის მიმართ აშშ-სა და ევროპის კრიტიკა არ მოუსმენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება აგრძელებს სასამართლოს რეფორმაზე მუშაობას, ზემოხსენებული “გაუგებრობა” კი მალე აღმოიფხვრება.

https://netgazeti.ge/news/554751/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: