მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ შემწირველს მერია უსასყიდლოდ უთმობს 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს

14.07.2021 • 2168
„ოცნების“ შემწირველს მერია უსასყიდლოდ უთმობს 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს

შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ადლიის დასახლებაში, 8 399 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უზურფრუქტის წესით, უსასყიდლოდ ითხოვს. კომპანია ალექსანდრე ბაღათურიას ეკუთვნის. ის „ოცნების“ აქტიური შემწირველია.

ალექსანდრე ბაღათურიამ მმართველ პარტიას სხვადასხვა არჩევნებზე ჯამში 130 000 ლარი შეწირა.

ნაკვეთი ადლიის დასახლებაში, ანგისა/აეროპორტის გზატკეცილზე, რომელსაც  „ოცნების“  შემწირველის კომპანია ითხოვს, ბათუმის მერიის ა(ა)იპ -ს, „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ აქვს სარგებლობაში 2018 წლიდან.

უფრო დაზუსტებით კი ეს არის ბათუმის ავტოდრომის ტერიტორია ზღვასთან ახლოს. თუმცა, ეს გარემოება კომპანიას ბარიერს არ უქმნის, მით უმეტეს თუ თავად ნაკვეთის მესაკუთრესაც სურს ის „ოცნების“ შემწირველს გადასცეს.

როგორც მერიის განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, შპს „ახალი ბულვარი“ ბათუმის მერიას ჰპირდება, რომ გადაცემულ მიწის ნაკვეთს საავტომობილო სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გამოიყენებს.

ჩაატარებს ეროვნული და საერთაშორისო რანგის საბავშვო კარტინგის ჩემპიონატებს, ტურნირებს და სხვა მსგავს  ღონისძიებებს… მერია საკრებულოს ატყობინებს, რომ კომპანია გეგმავს „საავტომობილო სპორტში ახალი თაობის გაზრდას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.“

მერიის ინფორმაციით, კომპანია ასევე ჰპირდება ქონების მესაკუთრეს, რომ ბავშვებს უსაფრთხო მოძრაობის წესებს ასწავლის. ექსტრემის მოყვარულებს კი უსაფრთხო ადგილს შესთავაზებს და  მათ ქუჩიდან გაიყვანს.

დაპირებებშია ასევე დასაქმების პრობლემის დაძლევის ხელშეწყობაც, თუმცა რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს კომპანია, ეს არსად წერია. დიდი ალბათობით უზურფრუქტით ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში უნდა ჩაწერონ.

მერია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერს ასევე, რომ ქონების მოსარგებლე ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრი“ არ არის წინააღმდეგი მიწის ნაკვეთები დათმოს, იმ პირობით, რომ მომავალში უზურფრუქტუარი კომპანია შესაბამისი ღონისძიების ჩატარების დროს „ბათუმის სპორტულ ცენტრს“ გადაადგილებას არ შუზღუდავს.

„იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება ავტოდრომის ფუნქციური დანიშნულების შესაბამისი ღონისძიებების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრის“ მიერ გამართვისას  ავტოდრომის ტერიტორიაზე ა(ა)იპ ,,ბათუმის სპორტული ცენტრის“ შეუზღუდავი, უსასყიდლოდ დაშვება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მერიაში საკითხი განიხილეს, დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღე და შესაბამისი განკარგულების პროექტიც მოამზადეს. საკითხს საკრებულო ხვალ, 15 ივლისს სხდომაზე განიხილავს.

მთავარი ფოტო: ბათუმის სპორტული ცენტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: