მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

გამიხარდა, როცა აჭარის 60 სოფელში წიგნების მიწოდების კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს

14.07.2021 • 2086
გამიხარდა, როცა აჭარის 60 სოფელში წიგნების მიწოდების კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს
ავტორი: სერგო რატიანი
_________________

ბორხესი ერთგან წერს, რომ იმპერატორს, რომელმაც ჩინეთის კედლის აგების განკარგულება გასცა, მანამდე არსებული ყველა წიგნის დაწვა უბრძანებია. წიგნების განადგურება და კედელი – საკუთარი თავისა და საზოგადოების გამოკეტვა – ერთი რიგის მოვლენაა.

მიუხედავად ჩანაფიქრისა და ქმედებების მასშტაბურობისა, ეს მბრძანებელი არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. ყველა ტირანის ვნებას საფუძვლად უდევს პრემოდერნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი რწმენა, ან უფრო ზუსტად – ცრურწმენა, რომ სხვა (ერთადერთისგან განსხვავებულ) წიგნს საზოგადოებისთვის ხიფათი მოაქვს. რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი წიგნი, ერთი „სწორი წაკითხვა“ და, შესაბამისად, სწორი წაკითხვის მცველებიც, რომლებიც ერს „ცრუ წაკითხვისგან“ მომდინარე შფოთისგან იცავენ.

ზოგიერთი წიგნი ან წიგნები, შესაძლოა, მართლაც აერთიანებს ხალხებს. მაგალითად, ამბობენ, რომ ებრაელთა სამშობლო თორაა, იტალია დანტეს ენამ გააერთიანა, დონ კიხოტმა – ესპანეთი და სხვა.

ჩვენ რუსთაველის ქვეყანა ვართ. ოღონდ, ყველა დიდი წიგნი სწორედაც რომ უსასრულო წაკითხვებისა და სხვა მრავალი წიგნისკენ გვიბიძგებენ.

ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ, ვიცით, რას ნიშნავს წიგნის აკრძალვა და გამოკეტვა. წიგნების აკრძალვამ და ჩაკეტილმა საზღვრებმა მხოლოდ გადაადგილების სივრცე არ შეგვიზღუდა.

საზღვრებს მიღმა, იქ, სადაც წიგნებს კითხულობდნენ, ცივილიზებულმა სამყარომ მეოცე საუკუნეში იცხოვრა – თავისუფლების, პროგრესისა და კეთილდღეობის საუკუნეში. ჩვენ – წიგნების ამკრძალავთა გამოგონილ ბნელ საუკუნეში.

აღარც საბჭოთა კავშირია და თითქოს აღარც შეზღუდვები, თუმცა, ფაქტობრივად, ტრადიცია ვერ დაიძლევა, სანამ წიგნებთან სრულფასოვანი წვდომა არ იქნება უზრუნველყოფილი.

გამიხარდა, როცა ჩემმა მეგობარმა, კარგმა მკითხველმა და საინტერესო ავტორებისა და წიგნების მომძიებელმა ზურა ჭიაბერაშვილმა, ამ თითქოს უიმედო, აპათიურ ვითარებაში, იმედისმომცემ, ილიასა და იაკობ გოგებაშვილის ღირს კამპანიაში ჩამრთო, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის სამოცზე მეტი სოფლის სკოლისა თუ ბიბლიოთეკისთვის თანამედროვე მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის საჩუქრად მიწოდებაა.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: