Batumelebi | „ბოტების სკანდალის“ შემდეგ აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა „ბოტების სკანდალის“ შემდეგ აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა – Batumelebi
RU | GE  

„ბოტების სკანდალის“ შემდეგ აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა

ბერდია ბერიძე, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატიდან „ბოტების სკანდალის“ შემდეგ გაათავისუფლეს, სამსახურში აღადგინეს. ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა, აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა.

ბერდია ბერიძე აჭარის მთავრობაში IT სპეციალისტად მუშაობდა და იგი გასული წლის 31 მარტს გაათავისუფლეს. მანამდე კი, თორნიკე რიჟვაძეს „ბოტების სკანდალის“ თემაზე მოწია განმარტებების გაკეთება – თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, ამ დროს აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქჩატში ჩააგდო.

ამ ამბის შემდეგ აჭარის მთავრობის IT სპეციალისტი სამსახურში ერთი დღით გამოუცხადებლობის მიზეზით გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მთავრობას არ განუმარტავს, რა ზიანი მიადგა აჭარის მთავრობის აპარატს ბერდია ბერიძის ერთი დღის გაცდენით. ამ ბრძანებას ხელს არჩილ ჩიქოვანი აწერდა, რომელიც მაშინ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო და ახლა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია.

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ბერდია ბერიძემ „ბათუმელებთან“ მაშინ თქვა, რომ „სამსახურიდან მისი გაშვება უკავშირდება ბოტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით კონკრეტულ პირებს შორის დაპირისპირებას“. ბერდია ბერიძეს არ დაუკონკრეტებია, რეალურად რა მოხდა „ბოტების სკანდალის“ შემთხვევაში.

ბერდია ბერიძეს კომენტარის გაკეთება არც ახლა სურს. მან მხოლოდ ის დაგვიდასტურა, რომ სამსახურში აღადგინეს.

ბერდია ბერიძის ინტერესებს სასამართლოში საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე იცავდა. იურისტი ამბობს, რომ ვიდრე მოსამართლე ირმა ტოგონიძე ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, აჭარის მთავრობამ მორიგება სცადა, რასაც ბერდია ბერიძე დასთანხმდა.

მორიგების მიხედვით, ბერდია ბერიძე აჭარის მთავრობის დაფუძნებული შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ დაასაქმეს ისევ IT სპეცილისტად 30 თვეზე მეტი ვადით და იმავე ხელფასით, რაც მას აჭარის მთავრობის აპარატში ჰქონდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი