მთავარი,სიახლეები

„დღიურად 300 ლირას გვიხდიან“ – რას ჰყვებიან თურქეთში ჩაის საკრეფად წასული ქართველები

21.05.2021
„დღიურად 300 ლირას გვიხდიან“ – რას ჰყვებიან თურქეთში ჩაის საკრეფად წასული ქართველები

„ლირა-ნახევარს, ლირა-ორმოცს გვიხდიან კილო ჩაიში, დღიურად 300 ლირას, ცოტა უჭირთ, მაგრამ მაინც იხდიან,“ – ამბობს თურქეთში სეზონურად დასაქმებული კახა ნოღაიდელი. კახას თქმით, მეზობელ ქვეყანაში ჩაის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეა დაიწყო. ის ჩაილერში მუშაობს.

თურქეთში სეზონურად დასაქმებული ქართველების, ასევე თურქი დამსაქმებლების თქმით, პანდემიის გამო მუშახელის ნაკლებობაა. ანაზღაურება კი, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.

„შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ერთმანეთს, ვუგზავნით აქედან მოწვევებს, მოწვევის გარეშე ვერავინ გადმოდის. დაახლოებით 40 პროცენტი არაა იმ ხალხის, რასაც ველოდით წელს. მოლოდინი არ გამართლდა, ჩაის მოსავალი არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც ვფიქრობდით, ფასები კი მაღალია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვერ ვკრეფთ, რასაც უნდა ვკრეფდეთ. ვწვალობთ, ვჯახირობთ და ასე გაგვაქვს თავი. აქედან ვირჩენთ ყველანი თავს. მთელი ოჯახები. ხალხი არის, რომელიც ორ-სამ ოჯახს არჩენს ჩაის სეზონის დროს,“ – გვიყვება კახა ნოღაიდელი.

კახა ქობულეთიდანაა. მასთან ერთად მუშაობს გულივერ იანვარაშვილი კახეთიდან.

„სეზონი რომ იწყება, არის საშუალება ადამიანმა იშოვოს ფული. იმდენს ვერ იშოვის, რომ რაღაც მდგომარეობა თავის ოჯახის გაიუმჯობესოს და რაღაც შეიძინოს, მაგრამ ოჯახს შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანი. ადამიანს თუ ხელს ჯანმრთელობა უწყობს, კარგია, საუკეთესო პირობებია. ვნახოთ, როგორ იქნება, მე მინდა, რომ ეს ჩვენი ემიგრანტობა დაბრუნებულიყოს თავის სამშობლოში, ენახოს ადგილი და მდებარეობა,  სამსახური, რომ ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში არ გადახვეწილიყოს ემიგრაციაში… ცოლს და შვილს ბევრი ვიცი მე, რომ მონატრებულია, ზოგს ტელეფონიც არა აქვს, ვისაც აქვს ტელეფონი, ის აცრემლებული თვალებით უყურებს თავის ოჯახს, ცოლ-შვილს,“ – ამბობს გულივერ იანვარაშვილი.

თურქეთში სეზონურ სამუშაოზე საქართველოდან ყოველწლიურად ათასობით ადამიანი გადადიოდა. უკვე მეორე წელია პანდემიის გამო ყველა მოქალაქე ამას ვეღარ ახერხებს.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/345650/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: