მთავარი,სიახლეები

„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან

24.04.2021
„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან

ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას ამირან აშბას ახლობლები მართავენ. აშბა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავს.

ამირან აშბას ახლობლების ინფორმაციით, პოლიცია მას მანქანაში დანის ქონას ედავება. ასევე, ახლობლები ამბობენ, რომ აშბა პრობაციონერია, ციხიდან პირობითი მსჯავრით სამი თვის წინ გამოვიდა და ამის გამო განსაკუთრებით ფრთხილობდა, რადგან პოლიციასთან დამატებითი პრობლემების შექმნა აღარ უნდოდა.

„არასრულწლოვანი იყო ჩემი შვილი, როდესაც რაღაც ინციდენტი მოხდა. მაგის შემდეგ ათი წელი ძებნაში იყო. მაგრამ ჩამოვიდა, მივიდა პოლიციაში და ციხეში სასჯელიც მოიხადა – წელიწადი და რვა თვე. თებერვალში გამოუშვეს პირობითით, პრობაციონერია.

სულ ფრთხილად იყო რაც ციხიდან გამოვიდა, ბიჭებთანაც კი არ გადიოდა – პირობითი მაქვს და ვიცი არ გამახარებენო.

რამდენიმე დღის წინ თავის ბიძაშვილთან ერთად იყო ჩაქვში წასული. ჩაქვის პოლიციის უფროსმა გააჩერა – გადმოიყვანა მანქანიდან, გაჩხრიკა. არც ამირანს და არც მის ბიძაშვილს ნიკას არაფერი არ ჰქონდათ ჯიბეებში. ყველაფერი გაჩხრიკა. მერე მანქანაც გაუჩხრიკა და იქ აღმოჩნდა დანა. პოლიციელი ეუბნებოდა ამირანს – გინდა თუ არა შენია ეს დანაო.

არ ატარებდა ამირანი დანას – პრობაციონერი იყო. უთქვამს ამირანს არ არის ჩემიო. მოიყვანეს განყოფილებაში, დაწერეს ახსნა-განმარტება, გამოუშვეს და ველოდებოდით სასამართლო პროცესს. ამასობაში ადვოკატი ავიყვანეთ. მოვიდა ადვოკატი, მაგრამ არ მისცეს აქ  [მეორე განყოფილებაში] წესიერი ინფორმაცია – ასე უთხრეს გინდა მოდი, გინდა არაო.

გამომძიებელს დავურეკეთ. მე საქმის კურსში არ ვარო. გუშინაც ადვოკატიც ურეკავდა, მეც ვურეკავდი არ მიპასუხა. მესიჯიც გავუგზავნე. არც დაურეკია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ამირან აშბას დედამ, ლია აშბამ.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან

მისივე ინფორმაციით, გუშინ 23 აპრილს, 15-მდე პოლიციელი მივიდა ამირან აშბას სახლში, ამირანის დაკავების მიზნით. ლია აშბა ამბობს, რომ მანამდე ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ გამომძიებელთან, ეკითხებოდნენ იყო თუ არა ამირანის პოლიციაში გამოცხადება საჭირო, გამომძიებლისგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. შესაბამისად ვერ ხსნის, რატომ გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება იმ ადამიანის დასაკავებლად, რომელიც მზად იყო თავად გამოცხადებულიყო პოლიციაში.

„დღეს ამირანი თავის ფეხით მოვიდა პოლიციაში. გვეუბნებიან, რომ მის დაკავებას აპირებენ. ჩემი შვილი ქურდი არ არის, ნარკომანი არ არის. ახლა რაც ხდება ამ ამბავში უდანაშაულოა. მანქანა ვისიც იყო, ის ადამიანი ამბობს, რომ დანა არ ეკუთვნის ამირან აშბას, ამბობს, რომ მისია, მაგრამ პოლიციამ მაინც ჩემი შვილი დააკავა. პოლიციასთან მოვედით იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ – ასე უკანონოდ ადამიანის დაკავება არ შეიძლება,“ – ამბობს ლია აშბა.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: