მთავარი,სიახლეები

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს“ – რატომ ვერ იღებენ პენსიონერები „უფასო წამლებს“

19.04.2021 • 3269
„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს“ – რატომ ვერ იღებენ პენსიონერები „უფასო წამლებს“

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს. ვიცი, რომ ეს მედიკამენტები უფასოდ უნდა მივიღო, მაგრამ მითხრეს, რომ თუ ფულს გადავიხდი, მაშინ მომცემენ, ისე ვერა,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე. ის 72 წლის ასიე ჯინჭარაძის შვილია. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს და სხვადასხვა ჯგუფს მედიკამენტებს უფასოდ აწვდის, ზოგიერთი პენსიონერი წამალს უფასოდ ვერ იღებს. აფთიაქებში, სადაც პროგრამის მიხედვით პენსიონერებს მედიკამენტები უფასოდ უნდა მისცენ, ურთიერთსაპირისპირო პასუხი მიიღო „ბათუმელებმა“: მაგალითად, თუკი ერთი აფთიაქი ამბობს, რომ კონკრეტული მედიკამენტები აპრილში აღარ ფინანსდება, მეორე აფთიაქში გვიპასუხეს, რომ სახელმწიფოს ტენდერის ჩატარება დააგვიანდა, მესამეში კი ირწმუნებიან, რომ მედიკამენტების უფასოდ გაცემის პრობლემა არ აქვთ. თუმცა პენსიონერმა მედიკამენტი ვერც დღეს მიიღო, სტატიის მომზადების პროცესში.

ამ ვითარებაში კი, ჯანდაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში ვერ მოიცალა „ბათუმელების“ კითხვებზე საპასუხოდ.

ნინო ხინთიბიძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია [მეორე ჯგუფის სტატუსი აქვს], ამბობს, რომ ბათუმის თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელი მოიარა, დედისთვის წამლები რომ ეყიდა.

„აქამდე დედას არ დასჭირვებია ეს მედიკამენტები, წინა კვირას გამოგვიწერა ექიმმა ხუთი მედიკამენტი და აქედან ორი: „ლორისტა“ და „ეგილოგი“ ვერ ვიშოვე, არადა, ექიმმა თქვა, კომლექსურად ყველას მიღებაა საჭიროო,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. – „PSP-ში მითხრეს გვაქვსო, მაგრამ უფასოდ ვერ მოგცემთო, „ფარმადეპომ“ არ ფინანსდება ეგ საერთოდო, ავერსში მითხრეს, თქვენ რაც გინდათ, ის რაოდენობა არ გვაქვსო… რამდენიმე ფილიალი მოვიარე აღმაშენებელზე, ჭავჭავაძეზე, გორგილაძეზეც ვიყავი… დედამ სამი თვე უნდა მიიღოს ეს წამლები. მთლიანობაში რომ დამიჯამეს, 500 ლარი გამოვიდა, ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ჩემი და დედაჩემის პენსიაა, ასევე სოციალური შემწეობა.

მეც ყოველთვიურად მჭირდება მედიკამენტი, რომელიც 80 ლარი ღირს, მაგას არავინ აფინანსებს,“ – ასრულებს ნინო ხინთიბიძე.

რა უთხრეს კონკრეტულად „ბათუმელებს“ აფთიაქებში? 

ნინო ხინთიბიძის მიერ დასახელებული „ლორისტა“ და „ეგილოგი“ რომ უფასოდ აღარ აქვთ, ეს „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისი“-ში დაგვიდასტურეს.

„სია პერიოდულად ახლდება სამინისტროსთან შეთანხმებით. აპრილში აღნიშნული მედიკამენტები არ არის სიაში,“ – მოგვწერეს კომპანია „მეფას“ პრესსამსახურიდან. ეს კომპანია აერთიანებს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“.

PSP-ს პრესსამსახურში კი განმარტეს, რომ სახელმწიფო ტენდერით შესყიდვები ზოგჯერ გვიანდება და ხარვეზს ეს იწვევს.

„სამინისტრო იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ… კვოტებზეც სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, სად რამდენი მედიკამენტი უნდა წავიდეს ამ პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა, ბათუმში არ არის და სხვაგან იყოს,“ – გვიპასუხეს PSP-ში.

რაც შეეხება კომპანია „ავერსს“, აქ თქვეს, რომ „ლორისტა“ და „ეგილოგიც“ ქსელში არსებობს, თუმცა არ გამორიცხეს შესაძლო ტექნიკური ხარვეზიც.

„მივიდეს მოქალაქე ბათუმის რომელიმე ფილიალში და მისცემენ, არის ქსელში,“ – გვიპასუხეს „ავერსში“

„დღეს მითხრეს, რომ საერთოდ არ გვაქვს ქსელში „ლორისტაო“, მენეჯერსაც ვესაუბრე, მაგრამ არაფერი,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე, რომელიც დღეს „ავერსის“ გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ ფილიალში მივიდა.

საბოლოოდ „ავერსის“ პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ მედიკამენტები ქსელში არის, მაგრამ არაა საკმარისი რაოდენობა.

„შეფერხებაა სამინისტროდან… როგორც კი გვექნება და შეივსება მარაგი, თავად დავუკავშირდებით მოქალაქეს“, – დაგვპირდნენ „ავერსში“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ბათუმელებს“ მოქალაქეები უყვებიან, როგორ ვერ სარგებლობენ „უფასო მედიკამენტების პროგრამით.“ 2021 წლის 19 თებერვალს ასევე პენსიონერის შესახებ ვწერდით, ვის შვილსაც აფთიაქში უთხრეს, რომ მედიკამენტი აქვთ, მაგრამ უფასოდ არა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური კითხვებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს „ბათუმელებმა“ წერილობით 2021 წლის 23 თებერვალს მიმართა. სამინისტროდან პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

რაც შეეხება ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს, ამ საკითხზე მათი პასუხი ნახეთ აქ

მთავარი ფოტო: ასიე ჯინჭარაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: