ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრას 64-158 მილიონი ლარი სჭირდება – ეროვნული გეგმა

13.04.2021
საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრას 64-158 მილიონი ლარი სჭირდება – ეროვნული გეგმა

კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია მინიმუმ 64 მილიონი, მაქსიმუმ კი, 158 მილიონი ლარი დაუჯდება. 48 მილიონიდან 141 მილიონამდე ლარი მხოლოდ ვაქცინების შესაძენად იქნება საჭირო.

საქართველოში COVID 19 ვაქცინის დანერგვის განახლებული ეროვნული გეგმა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 8 აპრილს დაამტკიცა. იმუნიზაცია მოქალაქეებისთვის უფასოა.

წყარო: ეროვნული გეგმა

„მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ საჭიროა 3 979 327 დოზა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1 484 400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3 979 327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2 494 927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან“, – ეროვნული გეგმიდან.

გეგმის მიხედვით ვაქცინებისა და სახარჯი მასალებისთვის საჭირო ფინანსები დათვლილია, თუმცა, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაწილობრივაა დაფინანსებული. ნაწილობრივაა დაფინანსებული ლოგისტიკა, ტრენინგები და მომსახურება. თანხა გამოსაყოფია საინფორმაციო სისტემისთვის.

COVID-19 ვაქცინაცია საქართველოში მხარდაჭერილია ასევე დონორების მიერ [აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ჯანმო].

როგორც გეგმაშია აღნიშნული, „კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში“ არ არის დათვლილი, თუმცა ასეთი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობის შემთხვევაში თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოიყოს.

„სადღეისოდ არსებული მტკიცებულება მიუთითებს, რომ COVID-19 ვაქცინისადმი მიმღებლობა ვარირებს 55% (რუსეთი) და 99% (ჩინეთი) შორის, ხოლო საქართველოში ჯანმოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 56% თანახმაა ვაქცინაციაზე თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდებული“, – ეროვნული გეგმიდან.

ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში აღნიშნულია, რომ „ვაქცინების გლობალური დეფიციტის პირობებში, როდესაც ქვეყნის შიგნით ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ხოლო მოთხოვნა მაღალია, არსებობს პოტენციური კორუფციული რისკები“.

გეგმა პოტენციური კორუფციის რისკად განიხილავს ვაქცინების და სახარჯი მასალების, ასევე სერვისების შესყიდვის პროცესში კორუფციულ გარიგებებს.

„ვაქცინების გლობალური შესყიდვის პირობების გამჭვირვალობა უზრუნველყოფდა ამ რისკების პრევენციას, თუმცა ამ გეგმის ფორმირებისას, მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნით, შესყიდვის პირობების გასაჯაროვება შეზღუდულია მწარმოებელსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებით. სახარჯი მასალების შესყიდვის კონტრაქტები კი გამჭვირვალეა“, – აღნიშნულია იმუნიზაციის გეგმაში.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო, თუმცა პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. NCDC-ის ინფორმაციით, 13 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 22 090 ადამიანი.

საქართველოში შემოტანილი ვაქცინების ფასებთან დაკავშირებით, „ბათუმელებს“ NCDC-შიც უთხრეს, რომ ეს კომერციული საიდუმლოა:

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: