Batumelebi | ქალი: ჩემი ფოტოები სექსმომსახურების საიტზე გამოაქვეყნეს, პოლიციამ კი არაფერი გააკეთა ქალი: ჩემი ფოტოები სექსმომსახურების საიტზე გამოაქვეყნეს, პოლიციამ კი არაფერი გააკეთა – Batumelebi
RU | GE  

ქალი: ჩემი ფოტოები სექსმომსახურების საიტზე გამოაქვეყნეს, პოლიციამ კი არაფერი გააკეთა

„სექსმუშაკმა ჩემი პირადი ფოტოები თავის გვერდზე გამოიყენა, სადაც ადამიანებს სექსს სთავაზობდა… პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს, არაა ეგ დანაშაულიო,“ – ამბობს სოფო ლორთქიფანიძე. ის ფოთში ცხოვრობს და სამართალდამცველებს გენინსპექციაში უჩივის. სოფომ პოლიციელებს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფის ამსახველი ფაქტები მიაწოდა, მაგრამ მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ სამართალდამცველებმა იგი მიზანმიმართულად არ დაიცვეს.

„27 მარტი იყო, ახლობელმა კაცმა დამირეკა, შენი ფოტოები ვნახეთ აგერ პორნოსაიტზე, სადაც სექსმუშაკებზეა ინფორმაციაო. ჩხუბობდნენ თურმე ბიჭები, არა მე წავალ ამასთან და არა მეო და მერე ერთ-ერთმა მიცნო,“ – გვიყვება სოფო ლორთქიფანიძე ერთ-ერთი ქართული სექსმომსახურების საიტის შესახებ, სადაც თავისი ფოტოები  ნახა, ვინმე „ლიზას“ პროფილზე. „ლიზა“ წერდა, რომ ფოტოები რეალურია.

სოფო განმარტავს, რომ „ლიზას“ ინტიმური ადგილების ამსახველი ფოტოები მისი არ არის, მაგრამ „ლიზას“ ჩვეულებრივი ფოტოები რეალურობის ხაზგასასმელად და დამაჯერებლობისთვის დასჭირდა.

სოფო ლორთქიფანიძემ ამ დრომდე არ იცის ზუსტად, ვინ იყენებდა მის ფოტოებს. იმის მიუხედავად, რომ „ლიზას“ სექსუალური მომსახურების საიტზე მისამართიც ჰქონდა მითითებული და საკონტაქტო ინფორმაციაც, პოლიციელებმა მისი იდენტიფიცირებაც კი ვერ მოახერხეს. „ლიზამ“ ფოტოები გვერდიდან მას შემდეგ წაშალა, რაც პოლიციიდან დაურეკეს, ხოლო პროფილი მას შემდეგ გააუქმა, როცა სოფო მას ტელეფონით ესაუბრა.

ფოტო სქრინები „ლიზას“ გვერდიდან

ფოტო სქრინები „ლიზას“ გვერდიდან

„ჩემი ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან აუღიათ ფოტოები, კი დამადო სახეზე ყვავილი, მაგრამ მაინც მიცნეს… ლიზას ეწერა, რომ ქუთაისში მუშაობდა და იქვე იყო მისი ტელეფონის ნომერიც. აღარ ვიცოდი რა მექნა, ისე ვინერვიულე და დღემდე ვნერვიულობ. დავრეკე, იმ დღეს არ მიპასუხა. მერე ფეისბუქზე ლაივი ჩავრთე და მოვყევი, ასე და ასე ხდება, არ დაიჯეროთ-მეთქი. მერე მომწერეს ვიღაცებმა, ჩვენც კი გიცანით, მარა აღარ მოგწერეთ, რა ვიციო…

მერე ერთმა ახლობელმა ბიჭმაც დაურეკა ამ ვითომ ლიზას. რატომ გიდევს სოფოს ფოტოებიო, გაცინებია და გაუთიშავს ტელეფონი. მაგის მერე დემონსტრაციულად შემოსულა ჩემი ფეისბუქის გვერდზე და ახალი ფოტო რაც მედო, ისიც წაუღია.

ვაპირებდი, ჩავსულიყავი იმ ქალთან და პირადად მენახა, მაგრამ არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა თავის გაკონტროლებას. ამიტომაც, პოლიციაში მისვლა ვარჩიე. ორი დღის შემდეგ, 29 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მივედი და ჩვენება მივეცი. დღემდე პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ,“ – განაგრძობს სოფო ლორთქიფანიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ იმ დროს, როცა მან პოლიციას ჩვენება მისცა, „ლიზა“ ტელეფონის ზარებსაც პასუხობდა და მისი ფოტოებიც ისევ ელაგა სექსმომსახურების ინტერნეტგვერდზე.

სოფო ლორთქიფანიძის თქმით, პოლიციელებმა მას მოუსმინეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედების დაწყება არ მოინდომეს და არც ახსენეს, რატომ არ სურდათ სექსმუშაკისთვის პასუხი მოეთხოვათ. სოფოს ეჭვი აქვს, რომ პოლიცია მიზანმიმართულად არ იძიებს ამ ტიპის დანაშაულს და მფარველობს სექსმუშაკებს.

„გამომძიებლებმა მითხრეს, არაა მაგი დანაშაულიო… ვუთხარი ჟურნალისტებს ვეტყვი მაშინ-მეთქი და რამდენიმე დღეში, 6 აპრილს დამირეკეს, ვესაუბრეთ ლიზას ტელეფონითო. გვითხრა შენზე, რომ უცხოელი მეგონა და ამიტომ გამოვიყენე მისი ფოტოები, მე ხომ გვირილები დავადეო… მისი პირადი ნომერი არ გვითხრაო. პოლიციელებმა „ლიზასთან“  ეს საუბარიც კი არ ჩაწერეს… თავად განსაჯეთ, როგორი პოლიციელები არიან,“ – ამბობს სოფო ლორთქიფანიძე.

იმავე დღეს, 6 აპრილს, სოფომ ისევ დაურეკა „ლიზას“. სექსმომსახურების საიტზე „ლიზას“ უკვე წაშლილი ჰქონდა სოფოს ფოტოებიც.

„…მეც დედა ვარო, მკერდის სიმსივნე მაქვსო და ამიტომ დავიწყე ეს საქმიანობაო, მისი სახელი და გვარიც მითხრა, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს რეალურია… ვკითხე, რატომ გამოიყენა ჩემი ფოტოები და რატომ მომექცა ასე. მომეწონა შენი ფიგურა, ლამაზი ხარო… ვუთხარი, რომ აღარ ვუჩივლებდი, თუკი შემხვდებოდა და ჩემთან ერთად გააკეთებდა ფეისბუქლაივს. ამაზე უარი მითხრა, მე ჩემი ფეხით მივალ პოლიციაშიო… ამის შემდეგ ტელეფონიც გამორთო და პროფილი საერთოდ გააუქმა.

გენინსპექციაში დავრეკე, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გარკვეულა… ჩემი ჩვენება ჩაიწერა ხათუნა რობაქიძემ, საქმე აიღო გიორგი ლეფსაიამ და მისი თანაშემწე იყო შაკო ზარგინავა,“ – გვითხრა სოფო ლორთქიფანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სოფო ლორთქიფანიძის ფაქტზე და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუკი გამოძიება დაწყებულია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში კი გვითხრეს, რომ სოფო ლორთქიფანიძეს ინსპექტორისთვის არ მიუმართავს. ეს უწყება იმ შემთხვევაში მუშაობს პერსონალური მონაცემების დაცვაზე, როცა გამოძიება დაწყებული არ არის.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს 2 წლამდე ვადით, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

___
მთავარი ფოტო: სოფო ლორთქიფანიძე
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი