სიახლეები

თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

26.01.2016 • 1724
თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”.

დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბოძებზე არსებული დენის სადენები დაზიანდა, რის გამოც ბაღის დენით მომარაგება გარკვეული დროით პარალიზებული იყო. პრესსამსახურის ცნობით დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მობილურმა შტაბმა ბაღის მთელ პერიმეტრზე ბოძებზე არსებული დენის სადენები თოვლისგან გაათავისუფლა და ამ წუთებში ბოტანიკურ ბაღს ელექტროენერგია კვლავ მიეწოდება.

ბოტანიკური ბაღის პრესცენტრის ინფორმაციით, მობილური შტაბი გუშინაც და დღესაც აქტიურად აწარმოებს გაწმენდით და დაბერტყვით სამუშაოებს ბაღის მთელ ტერიტორიაზე.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო, ვიზიტიორთა უსაფრთხოების მიზნით, ბოტანიკური ბაღი დახურული იქნება მანამ, სანამ ამინდი არ გაუმჯობესდება და ბაღის ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება არ იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: