მთავარი,სიახლეები

აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება 

06.04.2021
აკრძალული დანამატების გარეშე შოკოლადი მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაიყიდება 

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც „ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების  პირობებს“, – უკვე დამტკიცებულია.

ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2021 წლის 2 აპრილს დაამტკიცა, თუმცა ის 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2024 წლის 1-ლი იანვრისა.

ახალი რეგლამენტით, გარდა კაკაოს ცხიმისა, შოკოლადის პროდუქტებში შესაძლებელია დამატებულ იქნეს მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „მცენარეული ცხიმები“ იმ პირობით, რომ დამატებული მცენარეული ცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს;

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრული ნებაყოფლობითი [არასავალდებულო] დასაშვები ინგრედიენტების საერთო წონის გამოკლების შემდეგ, „კაკაოს ცხიმის ან კაკაოს მშრალი ნივთიერებების შემცირების გარეშე, ამასთანავე, თითოეული მათგანი ან მათი ნარევი უნდა იყოს კაკაოს ცხიმის ეკვივალენტური და აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

[checklist]

  • მცენარეული ცხიმ(ებ)ი არ შეიცავს ლაურინის მჟავას და მდიდარია   POP (ოლეინის მჟავა, პალმინტინის მჟავა), POSt (პალმიტინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) და StOSt  (სტეარინის მჟავა, ოლეინის მჟავა, სტეარინის მჟავა) ტიპის მონოუჯერი ტრიგლიცერიდებით;
  • მათი შერევა კაკაოს ცხიმთან ნებისმიერი პროპორციითაა შესაძლებელი და შეესაბამება კაკაოს ცხიმის  ფიზიკურ თვისებებს (ლღობის ტემპერატურა, კრისტალიზაციის ტემპერატურა, ლღობის მაჩვენებელი);
  • მიღებულია მხოლოდ რაფინირების და/ან ფრაქციებად დაშლის გზით, რაც გამორიცხავს ტრიგლიცერიდული სტრუქტურის ფერმენტულ მოდიფიკაციას“.

[/checklist]

რეგლამენტის მიხედვით, შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც, გარდა კაკაოს ცხიმისა, შეიცავენ სხვა მცენარეულ ცხიმებს, შესაძლებელია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იგივე არეალში მკვეთრად (მკაფიოდ), ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად, მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს სხვა მცენარეულ ცხიმებს (მცენარეული ცხიმის მითითებით)“. პროდუქტის დასახელება შესაძლებელია, განთავსებულ იქნეს ხედვის სხვა არეალში.

შოკოლადის პროდუქტებში დაუშვებელია იმ ცხოველური ცხიმებისა და მათგან წარმოებულების დამატება, რომელიც არ არის წარმოებული რძისაგან.

რეგლამენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

ამავე თემაზე:

რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: