მთავარი,სიახლეები

რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში

23.07.2019 • 2278
რა დანამატები აიკრძალება შოკოლადში

„ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს, ჯერჯერობით პროექტის სახით არსებობს და მიმდინარეობს მისი განხილვა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 21 595 900 აშშ დოლარის შოკოლადი, სხვადასხვა შოკოლადისა და კაკაოს ნაწარმი.

ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ ბაზარზე განთავსებულმა კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტებმა უნდა დააკმაყოფილოს ამ რეგლამენტით და ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტები ეტიკეტირებული უნდა იქნეს  ტექნიკური რეგლამენტისა და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შემდეგ, რეგულირებას დაექვემდებარება კაკაო და შოკოლადის პროდუქტები. მათ შორის: კაკაოს ცხიმი; კაკაოს ფხვნილი, კაკაო; შოკოლადის ნაირსახეობები; შოკოლადის სხვა პროდუქტები; სხვადასხვა ფორმის შოკოლადი.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, მაგალითად, შოკოლადი (იგივე მწარე შოკოლადი, ნახევრადტკბილი შოკოლადი, შავი (მუქი) შოკოლადი ან “chocolat fondant”) – ეს არის „პროდუქტი, რომელიც მიღებულია კაკაოს პროდუქტებისა და შაქრებისგან და რომელიც, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, შეიცავს არანაკლებ 35% კაკაოს მშრალ ნივთიერებას, მათ შორის არანაკლებ 18% კაკაოს ცხიმს და არანაკლებ 14% კაკაოს მშრალ, უცხიმო ნივთიერებებს;
კაკაოს ფხვნილი, კაკაო – კი, არის „პროდუქტი, რომელიც მიღებულია გასუფთავებული, კანგაცლილი და მოხალული კაკაოს მარცვლების ფხვნილად გარდაქმნით და რომელიც შეიცავს არანაკლებ 20% კაკაოს ცხიმს (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) და არაუმეტეს 9% წყალს“.

რეგლამენტის პროექტს ახლავს მცენარეული ცხიმების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია დამატებული იქნას სხვადასხვა შოკოლადის პროდუქტში იმ პირობით, რომ დამატებული მცენარეული ცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს [რეგლამენტით განსაზღვრული ნებაყოფლობითი (არასავალდებულო) დასაშვები ინგრედიენტების საერთო წონის გამოკლების შემდეგ, კაკაოს ცხიმის ან კაკაოს მშრალი ნივთიერებების შემცირების გარეშე].

მცენარეული ცხიმები, რომლებიც შესაძლებელია დამატებული იქნეს ზოგიერთი შოკოლადის პროდუქტზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ოდენობით / ცხრილი ტექნიკური რეგლამენტის პროექტიდან

შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც გარდა კაკაოს ცხიმისა, შეიცავენ სხვა მცენარეულ ცხიმებს, შესაძლებელია ბაზარზე განთავსებული იქნას მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იმავე არეალში მკვეთრად (მკაფიოდ), ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად, მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს მცენარეულ ცხიმებს“. პროდუქტის დასახელება შესაძლებელია განთავსებული იქნას ხედვის სხვა არეალში.

რეგლამენტის პროექტით, გარკვეულ შოკოლადის პროდუქტებში შესაძლებელია დამატებული იქნას სხვა საკვები ნივთიერებები შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

[crosslist]

  • დაუშვებელია იმ ცხოველური ცხიმების და მათგან წარმოებულების დამატება, რომლებიც არ არის წარმოებული რძისაგან;
  • ფქვილის, სახამებლის გრანულების ან ფხვნილის დამატება დასაშვებია მხოლოდ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • დამატებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზა პროდუქტის საერთო წონის 40%-ს.

[/crosslist]

გარკვეულ პროდუქტებზე დასაშვებია მხოლოდ იმ არომატიზატორების დამატება, რომლებიც არ ახდენენ შოკოლადის და რძის ცხიმის გემოს იმიტაცია/სიმულაციას. დასაშვებია არომატიზატორები – ვანილინისა და ეთილვანილინის გამოყენება ცალ-ცალკე ან კომბინაციაში ისე, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ/კგ-ს.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შაქრებისა, დასაშვებია შაქრის შემცვლელების (დამატკბობლების) გამოყენება იმ პირობით, რომ შაქრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების შემთხვევაში სათანადო ინფორმაცია უნდა განთავსდეს შოკოლადის დასახელებასთან ახლოს.

რეგლამენტი სამომავლოდ დაავალდებულებს ბიზნესოპერატორს, უზრუნველყოს ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების ან/და დისტრიბუციის ეტაპებზე; ამასთან, შესაძლებელია ბიზნესოპერატორმა, გამოიყენოს განსხვავებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დასაბუთებული იქნება, რომ გამოყენებული განსხვავებული მოთხოვნებით უზრუნველყოფილია ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვა.

ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო კონტროლის დროს; შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას; ბიზნესოპერატორი – შიდა საწარმოო კონტროლოს დროს.

ბაზარზე არსებული და ეტიკეტირებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების დროისთვის არ იქნება შესაბამისობაში რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, შესაძლებელია დარჩეს განთავსებული ბაზარზე პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2022 წლის პირველ იანვრამდე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში [იანვარი-ივნისი] საქართველოში შემოტანილია:

2 230 000 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე მეტი მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში, ან თხევადი, პასტისებრი, ფხვნილისებრი, გრანულირებული ან რაიმე სხვა ანალოგიური სახით კონტეინერებში ან პირველად საფუთავებში 2 კგ-ზე მეტი შიგთავსით;

3 528 100 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე ნაკლები მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში გულსართით;

2 524 700 აშშ დოლარის – შოკოლადი და კაკაოს შემცველი მზა ნაწარმი დანარჩენი, 2 კგ-ზე ნაკლები მასით ბრიკეტებში, ფირფიტებში ან ფილებში გულსართის გარეშე;

12 351 100 აშშ დოლარის – დანარჩენი შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზა კვების პროდუქტები;

962 000 აშშ დოლარის – კაკაო-მარცვალი, მთელი ან დამსხვრეული, ნედლი ან მოხალული; კაკაო-პასტა, ზეთი, ცხიმი, ფხვნილი [შაქრისა ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე].

გარდა ამისა, საქართველოში იმპორტირებულია ასევე კაკაოს შემცველი სხვადასხვა პროდუქტი [ვაფლები, ნაყინი და სხვა].

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში შემოტანილია 554 600 აშშ დოლარის დანადგარები საკონდიტრო მრეწველობისათვის, კაკაო-ფხვნილისა ან შოკოლადის წარმოებისათვის.

გადაბეჭდვის წესი