Batumelebi | ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის – Batumelebi
RU | GE  

ტყუილია, რომ ზაალ მიქელაძე კოვიდზე აცრის შემდეგ ცუდად არის

სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შედეგად მძიმე გართულებები გამოუვლინდა ზაალ მიქელაძეს, აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრს.

„ბათუმელები“ დღეს ესაუბრა ზაალ მიქელაძეს. მან გვითხრა, რომ გაუგებარია, რას უკავშირდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება.

„ჩემი ოჯახის წევრებმა ბოლო 24 საათში ალბათ 200 ზარს უპასუხეს, მე ალბათ 500 ზარზე მომიწია პასუხი ამ ორ დღეში და SMS-ები და მიმოწერები რომ გაჩვენოთ, არ ვიცი…

ზოგი ამბობს, რომ სტამბულში ვარ აპარატზე მიერთებული, ზოგი – გერმანიაში და ა.შ.

ვაქცინა გავიკეთე ასი ცნობადი სახის აცრის კამპანიის ფარგლებში. აცრის შემდეგ დღეებში უმრავლესობის სხდომაზეც ვიყავი, პარლამენტშიც – კომიტეტის სხდომაზე, დავბრუნდი გუშინ წინ ქობულეთში და დამხვდა ასეთი ამბავი.

არ ვიცი, ვინ არის ამის ინიციატორი. მესმის, რომ ყველა არ უყურებს პარლამენტის სხდომებს და რადგან ვერ დამინახეს, ქობულეთში არ ვიყავი, ალბათ ამას მოაყოლეს ეს თემა.

დღეს ვფიქრობდი, როგორ მოვიქცე-მეთქი. ვფიქრობდი, რომ ქალაქში ლაივი ხომ არ ჩამერთო“, – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 26 მარტს აიცრა ბათუმში. მისივე თქმით, აცრის შემდეგ ჰქონდა მსუბუქი, აცრისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

„სტანდარტული გვერდითი მოვლენები მქონდა, რაც ზოგადად ახლავს ვაქცინაციას, ოდნავ შემცივნება და მცირედ გამოხატული ოფლიანობა. მხოლოდ ეს იყო, 48 საათის შემდეგ არაფერი არ მქონია. ამას რეაქციაც არ ჰქვია, ეს არის ორგანიზმის სტანდარტული პასუხი აცრაზე. ვიღაცას აქვს ტემპერატურა და ესეც ნორმალურია, თუ არა აქვს – ესეც. ეს ყველაფერი არის თანმდევი აცრისთვის.

ახლა ველოდები ორი თვის გასვლას, რომ მეორე დოზაც გავიკეთო“.

ზაალ მიქელაძეს, როგორც ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და პროფესიით პედიატრს, ვკითხეთ რეგიონში ექიმების ვაქცინაციის პროცესში პასიურობის შესახებაც. მან გვითხრა, რომ მასაც აქვს კითხვები კოლეგებთან:

„ექიმების ამ ჯგუფმა იმუშავა კოვიდის მართვაზე და მიჩნდება კითხვა – მათ თვალწინ დამძიმდნენ ადამიანები და დაიღუპნენ და არა მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.

ქობულეთის საკრებულოს წევრი, ჯანმრთელი ადამიანი დავკარგეთ კოვიდის გამო.

კოლეგები, რამდენიმე ექიმი დავკარგეთ… როცა ასეთი მაგალითები თვალწინ გვქონდა, მიკვირს, როგორ შეიძლება ასეთ დროს სამედიცინო საზოგადოებას გაუჩნდეს კითხვა აიცრას თუ არა. 

„ასტრაზენეკა“ ევროპული ვაქცინაა, თუ ვინმეს ამის შეხსენება უნდა. დიდ ბრიტანეთს თუ ვინმე რამეს ერჩის, არ ვიცი… თან იმ ქვეყნის და ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვაქცინით აიცრა.

რაც შეეხება ახალციხელი ექთნის გარდაცვალებას, ჯერ კიდევ არ ვიცით, იყო თუ არა ეს ანაფილაქსია, თვითონ მწარმოებელიცაა ამ პროცესში ჩართული და უფრო ღრმა გამოკვლევებს ჩაატარებენ, რომ პასუხი იყოს აბსოლუტურად ზუსტი.

იმუნიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და რატომ გაუჩნდათ კითხვები ჩემს კოლეგებს, უბრალოდ არ ვიცი“.

ზაალ მიქელაძემ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ტალღის საშიშროება რეალურია და ამის მთავარი განმაპირობებელი არის ადამიანების ქცევა:

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბათუმში და სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, თბილისთან შედარებით ბათუმში გაცილებით დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე ბათუმში პირბადის გარეშე და თუ ეს მაჩვენებელი დაიწევს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გავაჩერებთ სიტუაციას. ეს არ არის დაავადების მართვა, ესაა ეპიდემიის მართვა და თუ იმუნიზაციით ვერ ვეწევით, ხელში გვრჩება სოციალური დისტანცია და პირბადე“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com