მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

05.04.2021 • 2298
„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

ნანული სურმანიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ქედის სოფელ აგარიდან. მას ბრონქული ასთმის დიაგნოზი აქვს. ნანული გვიყვება, რომ სუნთქვისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამი წელია, რაც ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამით ფინანსდება, მაგრამ აქედან ბოლო წელია მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მოახერხა სამი თვის მარაგის აღება, რადგან თითქმის ერთი წელია აფთიაქებში ამ მედიკამენტის  დეფიციტია.

„მე ამ მედიკამენტს 12 წელია ვიღებ, მაგრამ ორი წელი, რაც სოციალურად დაუცველებისთვის საქართველოს ჯანდაცვამ გააკეთა პროგრამა, ამ მედიკამენტს ვიღებდი უფასოდ.

სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, რაღაც შეფერხებები იყო, მაგრამ ორი წლის განმავლობაში ხან ამ მედიკამენტს გვაძლევდნენ, ხან შემცვლელს.

როგორც კი პანდემია დაიწყო, მხოლოდ ერთხელ ავიღე სამი ცალი. თვეში ერთი ცალი მჭირდება დილას და საღამოს, რომ ჩავისუნთქო, სულ 60 ჩასუნთქვაა ერთი მედიკამენტი,” – გვეუბნება ნანული სურმანიძე.

ბრონქული ასთმის მედიკამენტი/ინჰალატორი – „სერეტიდი დისკუსი“, რომელიც ნანულის ყოველდღიურად სჭირდება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 2018 წლიდან ფინანსდება, თუმცა ნანული სურმანიძემ თითქმის მთელი 2020 წლის მარაგი საკუთარი სახსრებით შეიძინა. მედიკამენტი საქართველოს აფთიაქებში საკმაოდ ძვირი, 50-83 ლარი ღირს.

„ჩემს ფილტვებში ჩადის 25% ჰაერი, წამალს რომ ჩავისუნთქავ, ფილტვებში ჩადის 50%-მდე ჰაერი. ეს რომ არ იყო, ძალიან ვწვალობდით. იყო ამის შემცვლელი მედიკამენტი და დღეში 5-10-ჯერ ვსუნთქავდით. ამ მედიკამენტის გარეშე მე გავძლებ ერთი დღე, მეტი ვერა… ქვა უნდა გავხეთქო და ვიშოვო“.

ნანული სურმანიძე ამბობს, რომ მხოლოდ მის სოფელში ამავე მედიკამენტით მოსარგებლე კიდევ ორი-სამი ადამიანია. ნანულის მსგავსად, აუცილებელ მედიკამენტს ისინიც მთელი რეგიონის მასშტაბით ეძებენ:

„მთელი წლის განმავლობაში ვინც მიდის ქედაში, ერთმანეთს ვაბარებთ, მოიკითხეთ წამალი თუ არის პროგრამით.

ბათუმშიც გვიყიდია, ბოლოს ერთ-ერთ არაქსელურ აფთიაქში მიმასწავლეს, წინასწარ დავრეკე ყველგან, პანიკაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, სხვაგან არ იყო არსად. თურქეთი რომ იყოს გახსნილი, არ იქნებოდა პრობლემა, იქ იყიდება, თანაც გაცილებით უფრო იაფად, 35 ლარად, ვაბარებ ნაცნობებს ქემალფაშაში, მაგრამ ბოლოს ვერ მოვახერხეთ“.

ნანული სურმანიძეს ორი შვილი ჰყავს, ქმარს გაშორებულია, მისი ძირითადი შემოსავალი 250-ლარიანი შემწეობაა, საიდანაც დაახლოებით 130 ლარს მედიკამენტებში ხარჯავს.

„ჩემი სოფლიდან რომ ქედაში აფთიაქში ჩავიდე ტაქსით, 10 ლარი უნდა გადავიხადო, ამიტომ ჩემი სახლიდან ჩავდივარ 4 კილომეტრს სოფელ პირველი მაისის გზაზე, შემდეგ „მარშუტკით“ უნდა ავიდე ქედაში და შემდეგ უკან ისევ ფეხით წამოვიდე“. 

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მედიკამენტის დეფიციტია წარმოების შეფერხების გამო.

„პანდემიის გამო მწარმოებელი ვერ აწარმოებდა საჭირო რაოდენობას და შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის ქვეყანაში. რაც შემოდიოდა, მომენტალურად იწურებოდა მარაგი. არა მარტო პროგრამულად (სახელმწიფო დაფინანსებით), არამედ თანხაც რომ გადაიხადოთ, ვერ იშოვით. მისი შემცვლელიც, „სალბუტამოლიც“ დეფიციტშია.

როგორც გავიგეთ, ძალიან მალე უნდა შემოვიდეს ეს მედიკამენტი და მისი შემცვლელი „სალბუტამოლიც“, შეკვეთილია და დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან”.

[red_box]სახელმწიფომ პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მომარაგებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა[/red_box]

2020 წლიდან ქრონიკული  დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის მედიკამენტების შეძენა სახელმწიფო შესყიდვებით აღარ ორციელდება. ეს პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვაში გადავიდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები ბენეფიციარებისთვის აფთიაქებს შემოაქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს დაზღვევის მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები არ/ვერ შეასრულებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას, დროულად შემოიტანონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების სათანადო მარაგი ქვეყანაში.

2020 წლიდან პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე დეფიციტს ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდ პანდემიითა და მწარმოებლის ბრალეულობით ხსნიან.

„სამწუხაროდ, კონტროლზეც არ არის დამოკიდებული, თუნდაც [სახელმწიფო] შესყიდვით იყოს, მედიკამენტს თუ ვერ აწარმოებს მწარმოებელი პანდემიის გამო… მათი ოფიციალური წერილიც იყო, რომ შეზღუდული რაოდენობით ხდება წარმოება,” – ამბობს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამთა ბაძგარაძე.

„ჩვენი თხოვნა [აფთიაქების მიმართ] იყო, რომ დიდი რაოდენობით მომხდარიყო შესყიდვა, რომ ასეთი პრობლემები აღარ ყოფილიყო. იმედია, აღარ გვექნება ამ მედიკამენტებზე პრობლემა,“ – ამბობს თამთა ბაძგარაძე.

ამავე თემაზე: 

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: