მთავარი,სიახლეები

წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით

29.03.2021
წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს – პედოფილია პროკურატურის ციფრებით

საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, წელს 4 ბავშვი გააუპატიურეს. პირველი იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში, გარდა გაუპატიურებისა, სხვადასხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სულ 42 მოზარდი გახდა. პედოფილიის შესახებ სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან გამოითხოვა.

44 საქმიდან გასულ წელს 13 შემთხვევაში გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი იყო, 2019 წელს – 13, 2018 წელს – 7, 2017 წელს – 8.

რაც შეეხება 2021 წელში სხვა ხასიათის სექსუალური ძალადობის შემთხვევებს: „ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 5  მოზარდი  წელს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ჩადენილ დანაშაულზე გახდა დაზარალებული. ეს გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

2021 წლის 17 მარტამდე 19 არასრულწლოვანი გახდა 140-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებული. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

პრაქტიკულად ამ მუხლით აკვალიფიცირებს გამოძიება შემთხვევებს, რაც „ნაადრევი ქორწინებით“ არის ცნობილი.

19 მოზარდი გახდა გარყვნილი ქმედების მუხლით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებული. სსკ-ის 141-ე მუხლი გულისხმობს: „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ“.

პროკურატურის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე 20 დაზარალებული პირიდან 19 არასრულწლოვანია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, „გარყვნილი ქმედების“ საქმეზე უკვე 9 პირის წინააღმდეგ დაუწყია სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას, ამ 9 პირიდან 2 კაცი 65 წელს გადაცილებულია, კიდევ ორი – 55-დან 64 წლამდეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: