მთავარი,სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში განახლებული ტერმინალით მგზავრები აპრილიდან ისარგებლებენ

16.03.2021
ქუთაისის აეროპორტში განახლებული ტერმინალით მგზავრები აპრილიდან ისარგებლებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ, გაფართოებულ ტერმინალში მგზავრების მიღებას 15 აპრილიდან შეძლებს.

აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ბარამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამუშაოების დასრულება 2021 წლის მაისის ბოლოს იგეგმება.

„ამჟამად მიმდინარეობს ძველი და ახალი ტერმინალების შეერთების ფაზა. უნდა გაერთიანდეს და ერთი მთლიანი ტერმინალი იქნება,” – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა ბარამიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლონურმა კომპანიამ – Dimark group-მა უკვე დაამონტაჟა ბარგის მართვის სისტემა და სატესტო რეჟიმში აამუშავა.

ტერმინალში მოწყობილია 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ეგრეთ წოდებული baggage drop off-ი იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინრეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას დამოუკიდებლად შეძლებენ.

ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნაცვლად 5 ათასი კვ/მეტრისა, იქნება 30 ათას კვ.მეტრი. ეს აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი ექნება და საათში 1200 მგზავრს შეუფერხებლად გაატარებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის 17 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტში ფრენების აღდგენას, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.

„საქართველოს მთავრობამ პირველ თებერვალს გამოაცხადა, რომ მოხსნა ფრენებზე შეზღუდვა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია საქართველოს მიმართულებით იფრინოს. ახლა ჯერი არის ავიაკომპანიებზე. მათ უნდა უღირდეთ, მგზავრთნაკადი უნდა ჰყავდეთ. იცით, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ გვიშვებენ ტურისტულად ევროპაში [კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო], ასევე ბევრ სხვა ქვეყანაში ვიზა გვჭირდება. ქუთაისიდან კი, მოგეხსენებათ, ძირითადად ევროპული მიმართულებები იყო.

ამ ეტაპზე ძირითადად თბილისის აეროპორტია დატვირთული. ბათუმიც არ მუშაობს, შიდა ფრენები ხორციელდება მხოლოდ. მარტის ბოლოდან, აპრილის დასაწყისიდან იგეგმება ბათუმში [ფრენების განახლება], უკრაინული ავიაკომპანიები აანონსებენ ფრენებს,“ – ამბობს ნანა ბარამიძე „ბათუმელებთან“.

___

ამავე თემაზე:

17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: