მთავარი,სიახლეები

17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის

25.11.2018 • 3058
17 მილიონამდე ლარი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟებისა და ფასადის მოპირკეთებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 16 934 136 ლარია. აეროპორტის ახალი ტერმინალის გადახურვა და მოპირკეთება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კვირაში უნდა დასრულდეს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით:

„არსებული ტერმინალის გაბარიტული ზომებია 49მX87მ-ზე (მალებში), ხოლო ახალი ნაწილის – 69მX153მ-ზე, მათ შორის გათვალისწინებულია 5მ-იანი კონსტრუქციული გადაბმის ნაკერი.

არსებულ ერთსართულიან შენობაში განთავსდება გაფრენის დარბაზი მაღაზიებით და კაფეებით; საპასპორტო-სასაზღვრო კონტროლი; გასასვლელი ჭიშკრების სივრცე; დამხმარე სათავსები; სან-კვანძები და აეროპორტის თანამშრომლების საოფისე ოთახები, მოეწყობა დამატებითი ანტრესოლები/მეზანინები.

ახალი ტერმინალი მოშენებით თითქმის ორჯერ აღემატება არსებულს. კონსტრუქციულადაც და ფუნქციურადაც იგი ორ ნაწილადაა დაყოფილი: ძირითადი დარბაზი – განკუთვნილია მგზავრების მიღებისთვის, რეგისტრაციისთვის და მეორე – ჩამოფრენის დარბაზი.

ახალი ტერმინალის პირველი სართულის ქვეშ მთლიანად გათვალისწინებულია სარდაფის მოწყობა. ცენტრალურ ნაწილში მოხდება 4 სართულის-მეზანინის დაგეგმარება, ჩამოფრენის დარბაზში ასევე მოეწყობა ანტრესოლი/მეზანინი საოფისე სივრცეებისთვის. სარდაფის სართული ძირითადად განკუთვნილია საბარგო ოპერირებისთვის, აქ ასევე განთავსდება საინჟინრო დანადგარებისთვის საჭირო ოთახები/სივრცეები, საწყობები, სასადილო და სან-კვანძები საშხაპეებით თანამშრომლებისთვის.

ახალი ტერმინალის ცენტრალური, 4-დონიანი ნაწილის პირველ სართულზე განთავსდება თანამშრომლების საოფისე ოთახები, აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო დამხმარე სივრცეები და სან-კვანძები, კიბესთან გათვალისწინებულია ორი ლიფტის და ორი შახტის დაგეგმარება საიჟინრო კომუნიკაციებისთვის. მე-2 სართულზე მდებარეობს ძირითადი კაფე-რესტორანი და „ლაუნჯი“, საიდანაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ სახურავზე მოწყობილ ამფითეატრულ ტერასაზე. მე-2 სართულის დანარჩენი ნაწილი (ჩამოფრენის დარბაზში არსებული მეზანინიც) მთლიანად განკუთვნილია საოფისე და აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო სივრცეებისთვის“.

სატენდერო პირობის თანახმად, „ახალი ტერმინალის ექსტერიერი იქნება არსებულის შესაბამისი. ფასადები ძირითადად შემინულია მაღალი ხარისხის ვიტრაჟებით, ხოლო ნაწილი – მოპირკეთდება ალუმინის ფილებით (არსებულის მსგავსად). სახურავის მოპირკეთება შედგება ორი ნაწილისგან: ხის პოლიმერული კომპოზიტური ფილებით მოპირკეთებული ამფითეატრი-ტერასა და არაექსპლუატირებადი მწვანე გადახურვა. შენობის კონსოლები მოპირკეთდება ალუმინის ფილებით“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 12 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბერს დასრულდება.

„მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამშენებლო ობიექტი მდებარეობს ოპერირებადი აეროპორტის მომიჯნავედ. ამასთანავე, სამუშაოს საბოლოო ეტაპზე ხდება ახალი შენობის შეერთება არსებული ტერმინალის შენობასთან. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ობიექტზე იმუშავებენ სხვა მომწოდებლებიც. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიშვას გარკვეული შეზღუდვები სამუშაო დროის ანდა არეალის თვალსაზრისით. მომწოდებელმა გეგმა-გრაფიკის და ზოგადად სამუშაოების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს ამგვარი ფაქტორების შესაძლებლობა გონივრულ ფარგლებში და არ დაუშვას (ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, აღმოფხვრას) ამგვარი ფაქტორებით გამოწვეული ჩამორჩენა, პროცესის ინტენსიფიკაციის მეშვეობით – მაგ. ტექნიკის დამატებით, მუშახელის ანდა ცვლის დამატებით და სხვ.“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ახალი ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება. რამდენიმე თვის წინ მთავრობაში განაცხადეს, რომ განახლებული ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნებოდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არსებული გეგმის მიხედვით  ახალი ტერმინალი 2019 წლის ბოლოს გაიხსნება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: