Batumelebi | ელისაშვილი ითხოვს პარლამენტში მოუსმინონ ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ელისაშვილი ითხოვს პარლამენტში მოუსმინონ ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებს – Batumelebi
RU | GE  

ელისაშვილი ითხოვს პარლამენტში მოუსმინონ ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებს

ბულვარში 16 სართულის მშენებლობას პარლამენტში დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ის იყო ბათუმში და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა შეხვდეს ბათუმელებს, რომლებიც უკვე სამი თვეა აპროტესტებენ ბულვარში მშენებლობას, მაგრამ მათი ხმა არავის ესმის:

„ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. ვიცით, რომ მშენებლობაც კარგია, განვითარებაც კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა უკვე ღმერთმა უწყის მერამდენე ჯერზე ჩავარდა და ჩავარდა აგერ ბოლოს ერთი კვირის წინ. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის კოსმოსში კორპუსები, ვისაც რა უნდა იმას აშენებს, როგორც უნდა ისე აშენებს, სადაც უნდა ისე აშენებს და კაცი გამკითხავი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბათუმში, ყველამ ვიცით, ეს არის ბულვარი. მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აშენება არაფრის არ შეიძლება, არადა 19-სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი.

სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე 19 სართულამდე ავიდა და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება. როგორც ჩანს, საკრებულო აბსოლუტურად ნომინალურია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს.

ამდენად, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მსურს გთხოვოთ და გადმოგცეთ ჩემი თხოვნაც და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნაც, რომ ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ – ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოუსმინოთ ამ ადამიანებს, მათ წუხილებს, ისინი არიან მზად ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს“.

___

ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენების ნებართვა ახლახან გასცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. ბულვარში კორპუსს აშენებს ბათუმური კომპანია „ანაგი“ „ამბასადორი ბათუმის“ დაკვეთით.

„იქ რაც შენდება, მიუღებელია“ – წულუკიანი ბულვარში 16 სართულის მშენებლობაზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან