შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს.
სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება.
- გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 ცალი] სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.
- მოტოციკლები ეტლის გარეშე კი [A2; ძრავის მოცულობა: 400 – 650 კუბ.სმ; 9 ცალი] – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღის ვადაში.
ტენდერის პირობის მიხედვით, „მომსახურების სააგენტო აპირებს შესყიდული მოტოციკლის პრაქტიკული გამოცდისათვის შესაბამისად ადაპტირებას [მოტოციკლზე უნდა დამონტაჟდეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა – ვიდეოკამერის თვალი, სენსორი, ინფორმაციის წვდომის მოდემი]. ამასთან, შემოთავაზებულ მოტოციკლზე სხვადასხვა ელმოწყობილობის დამონტაჟების მიუხედავად, უნდა გავრცელდეს საგარანტიო პირობები.“
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სერვისის მიწოდება, რაც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, მომსახურების ცენტრებში თებერვლის თვიდან აღდგენილია.
—
საქართველოში მართვის მოწმობის გაცემა მოპედების შემთხვევაშიც იგეგმება.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ .
მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე საუბარი ორი წლის წინ დაიწყო. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს შევიდა.
პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის დადგენილებით კი, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცედურები გაგრძელდა.
ამ თემაზე ვრცლად:
https://netgazeti.ge/news/377552/







