მთავარი,სიახლეები

შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა

05.01.2021
შსს-მ ქვეყნიდან უცხოელების გაძევების პროცესი ისევ შეაჩერა

ისევ გადაიდო კანონის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებას არეგულირებს. კანონის ეს მუხლი 2021 წლის პირველი იანვრამდე, პანდემიის გამო იყო შეჩერებული.

კანონის ამ მუხლის მიხედვით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო… უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათ შორის უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე“.

უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე ამ ვადის [10 დღის] ხელახალი ათვლა 2021 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება.

თუმცა, ეს არ ეხება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელებს, რომლებიც ამ დაწესებულებაში საქართველოდან გარკვეული მიზნით მოათავსეს; ასევე იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთანაც საქართველოს აქვს სახმელეთო საზღვარი და არსებობს სამგზავრო სახმელეთო/საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა ან/და არარეგულარული [მრავალჯერადი ჩარტერული] ფრენები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით, იმ უცხოელს, რომლის მიმართაც საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია და 2020 წლის 14 მარტამდე არ ჰქონდა ამოწურული ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა [10-დან 30 დღემდე], მისთვის ნებაყოფლობითი ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან.

ანალოგიურად, იმ უცხოელს, რომლის მიმართაც მიღებული იყო გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების თაობაზე და რომელსაც, 2020 წლის 14 მარტისთვის უკვე ამოწურული ჰქონდა საქართველოს ნებაყოფლობითი დატოვების ვადა [10-დან 30 დღემდე] და არ დატოვა ქვეყანა, მისთვის გაძევების აღსრულების ვადის ხელახალი ათვლა დაიწყება 2021 წლის 1-ლი ივლისიდან [გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება კანონით უნდა მოხდეს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 დღეში].

ამ შემთხვევაშიც, ვადები ხელახლა არ აითვლება, თუ გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან საქართველოს აქვს სახმელეთო საზღვარი და არსებობს სახმელეთო, საზღვაო ან რეგულარული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა.

შს მინისტრის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოში დარჩნის უფლება აქვთ ასევე [კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში] იმ უცხოელებს, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდნენ და ქვეყანა პანდემიის გამო ვერ დატოვეს.

ამ თემაზე:

უცხოელს, რომელმაც საქართველო ვერ დატოვა, ქვეყანაში ყოფნის უფლება 31 ივლისამდე აქვს – კორონავირუსი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: